მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე პოპულარული აპლიკაციები

აპლიკაცია ტიკტოკი

ტექნოლოგიურ სამყაროში მობილური აპლიკაციები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა აპლიკაციებმა, თითქმის სრულად შეცვალეს მუშაობის, კომუნიკაციის და გართობის გზები. მუდმივად განვითარებად ციფრულ სამყაროში აუცილებელია აპლიკაციებმა უახლესი ტენდენციები შეინარჩუნონ, რათა მზარდი მოთხოვნის შენარჩუნება შეძლონ.

COVID-19-ის პანდემიის შედეგად, განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ გაცნობის, ფიტნეს და სხვადასხვა სამუშაოსთან დაკავშირებულ აპლიკაციებზე.

Business of Apps-ის კვლევამ იმ აპლიკაციების რეიტინგი შეადგინა, რომლებიც ჩამოწერების მიხედვით, 2022 წელს ყველაზე მოთხოვნადი იყო.

ჩამოტვირთვების რაოდენობით, 2022 წელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აპლიკაცია TikTok იყო. ჩინური აპლიკაცია უკვე მეოთხე წელია ყველაზე მოთხოვნადია. 2022 წელს ვიდეო პლატფორმას 672 მილიონი ჩამოტვირთვა ჰქონდა, Business of Apps-ის მიხედვით კომპანიამ წლიური შემოსავალიც გააორმაგა და 9 მილიარდ 400 მილიონ დოლარს მიაღწია. TikTok ერთადერთი ჩინური აპლიკაციაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ასეთ წარმატებულ შედეგებს აჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ზოგიერთ ქვეყანაში მათ შორის ინდოეთში აკრძალულია.

ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული აპლიკაციების რეიტინგში მომდევნო სამ ადგილს META-ს აპლიკაციები იკავებენ. მეორე ადგილოსან Instagram-ს 2022 წელს 547 მილიონი ჩამოტვირთვა ჰქონდა. მესამე ადგილზეა Facebook-ი - 449 მილიონი ჩამოტვირთვით. რაც შეეხება WhatsApp-ს, აპლიკაცია 2022 წელს ჯამში 424 მილიონჯერ ჩამოწერეს. ხუთეულს Telegram-ი ავსებს 310 მილიონი ჩამოტვირთვით. მომდევნო ორ ადგილს სათამაშო აპლიკაციები - Subway Surfers (304 მილიონი) და Stumble Guys (254 მილიონი) იკავებენ. 2022 წელს 238 მილიონი ჩამოტვირთვა ჰქონდა მუსიკალურ აპლიკაციას Spotify-ს, 229 მილიონი ონლაინ ვაჭრობის აპლიკაციას SHEIN-ს, ყველასათვის ცნობილი Messenger-ი კი 210 ჯერ ჩამოტვირთეს.

2020 და 2021 პანდემიურ წლებში - ისეთმა ბიზნეს აპლიკაციებმა, როგორიც Zoom-ი და microsoft teams-ია სწრაფი ზრდა და წარმატება აჩვენეს. თუმცა, მაგალითად, გასული წლის ბოლოს ყველაზე დიდი ზრდა ჰქონდათ აპლიკაციებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე არიან დაფუძნებული. მათ შორის Lensa AI და ChatGPT. შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ 2023 წელს ყველაზე პოპულარული აპლიკაციების რიგებში სწორედ მსგავს აპლიკაციებს ვიხილავთ.

აპლიკაციებთან ერთად ყოველწლიურად იზრდება ვებ ბრაუზერების მომხმარებელთა რაოდენობაც. ციფრულ მონაცემთა შემგროვებელი კომპანია SimilarWeb-ის ბოლო 12 თვის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით ბრაუზერთა ბაზრის ყველაზე დიდი წილი, საუბარია 59.58%-ზე, Google Chrome-ს უჭირავს. მეორე ადგილს 27.44%-იანი წილით კი საფარი იკავებს. ყველაზე პოპულარული ბრაუზერების ტოპ-5შია Microsoft Edge - 5.69%-იანი წილით. ხუთეულშია Firefox - 2.66% და Samsung Internet - 2.63%-იანი წილით.

რაც შეეხება საქართველოს, SimilarWeb-ის თანახმად, აქ ბრაუზერთა ბაზრის ორი უმსხვილესი მოთამაშე Chrome (76.37%) და Safari (18.57%) არიან, თუმცა მომხმარებელთა 1.6% Opera-ს ბრაუზერს იყენებს, რითაც ოპერა რეიტინგის მესამე ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები