ზაფხულის ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლასთან ერთად, მიუხედავად გლობალური მაკროეკონომიკური რყევებისა, მოგზაურებისთვის ახალი მიმართულებების აღმოჩენის სურვილი მხოლოდ მზარდია. სასტუმროებისა და ჰოსტელების დაქირავების უმსხვილესი პლატფორმა Booking.com-ის მონაცემებით ირკვევა, რომ მიმდინარე ზაფხული დიდი სამოგზაურო გეგმებისა და ხანგრძლივი ტურების სეზონია. Booking-ის გამოკითხვით, მოგზაურთა 48% მოელის, რომ წელს მოგზაურობაზე იმაზე მეტს დახარჯავს, ვიდრე 2024-ში.
Booking-მა ის ქალაქებიც გამოავლინა, რომლებიც წლევანდელ ზაფხულის სეზონზე ყველაზე ტრენდულია. მათ შორისაა ყველა ტიპის მოგზაურზე მორგებული მიმართულებები, იქნება ეს მეგაპოლისები აქტიური დასვენების მოყვარულთათვის თუ ქვიშიანი სანაპიროები პასიური განტვირთვის მსურელებისთვის.
ტრენდულ მიმართულებებს შორის პირველ ადგილს ეგვიპტის ქალაქი, ჰუგარდა იკავებს, რომელიც საზღვაო კურორტების მოყვარულებისთვის ხელმისაწვდომი ალტერნატივაა. წითელი ზღვის სანაპიროზე გაშენებული ქალაქი მოგზაურებს ოლ-ინკლუზივ კურორტების მრავალფეროვან არჩევანსა და ბუნებრივ სანახაობებს სთავაზობს.
კიდევ ერთი ეგვიპტური ქალაქი, ამჯერად შარმ-ელ-შეიხი, ასევე წლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეგვიპტის ტურიზმის სექტორის გაძლიერების აღმავალ ტენდენციას. შარმ-ელ-შეიხში მომსახურების მაღალი ხარისხი კონკურენტულ საფასო პოლიტიკას ერწყმის, რაც კურორტს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის წყვილებისა და ოჯახებისთვის.
აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის Booking.Com-ი ყველაზე ტრენდულ მიმართულებად ტოკიოს ასახელებს. მათ, ვინც ამ ზაფხულს უნიკალურ ურბანულ გამოცდილებას ეძებს, იაპონიის დედაქალაქი ტექნოლოგიის, კულტურისა და სტუმარმასპინძლობის ინფრასტრუქტურის სინთეზს სთავაზობს, რასაც საერთაშორისო მოთხოვნის მკვეთრი ზრდაც უწყობს ხელს.
ფუფუნებაზე ორიენტირებული ტურიზმის სტრატეგიამ მიმდინარე წელს დუბაისთვის კვლავ გაამართლა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ეს ქალაქი ერთნაირად იზიდავს ოჯახებს, ტურისტულ ჯგუფებსა და საქმიან მოგზაურებს, რომლებსაც პრემიუმ კლასის მომსახურება, უდაბნოს თავგადასავლები და მსოფლიო-დონის სავაჭრო გამოცდილება იზიდავთ.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონისთვის ტურიზმის ერთგვარ ჰაბად კვლავ ბანგკოკი რჩება, რასაც ქალაქის ხელმისაწვდომობა, ქუჩის ცოცხალი კულტურა და მოქნილი სატრანსპორტო სისტემა განაპირობებს. თავად ტაილანდისთვის, ბანგკოკი ტურიზმის სექტორის ზრდაში წამყვან როლს ასრულებს, ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას.
ოქროსფერი ქვიშისა და ისტორიული არქიტექტურის მოყვარულთათვის Booking-ის ტრენდულ მიმართულებებს შორის კოსტა ბლანკას სანაპიროს უძველესი საპორტო ქალაქი, ალიკანტე მოხვდა. Booking-ის ინფორმაციით, ესპანეთის მიმართულებით მოგზაურთა ქცევა იცვლება, ალიკანტეს მხარეს კი უპირატესობას ოჯახები და ტურისტული ჯგუფები ანიჭებენ, რაც ევროპის სამოგზაურო ბაზარზე ესპანეთის წამყვან პოზიციებს კიდევ უფრო განამტკიცებს.
ფრანგული რივიერას მთავარი საკურორტო ცენტრი, ნიცა წლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საზაფხულო მიმართულებაა, რომელიც აგრძელებს მაღალშემოსავლიანი, ფრანგული კულტურული მემკვიდრეობითა და ხელოვნებით დაინტერესებულ მოგზაურების მიზიდვას. საფრანგეთის ცისფერი სანაპიროს მარგალიტი ყოველწლიურად იზიდავს ფუფუნების მოყვარულებს და გამონაკლისი არც 2025 აღმოჩნდა.
მალაგაში მოგზაურობაზე მზარდი მოთხოვნა აჩვენებს, რომ ესპანეთის სტრატეგია, ტურიზმისთვის მეორეხარისხოვანი ქალაქების აღორძინების შესახებ, წარმატებით მიმდინარეობს. კულტურული მიმზიდველობითა და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მალაგა ხელს უწყობს სამოგზაურო ესპანური გეგმების დივესრიფიკაციას და ტრადიციული სანაპირო კურორტების ახალი ლოკაციებით ჩანაცვლებას.
სამოგზაურო ბაზარზე იტალიის კონკურენტუნარიანობას ემილია-რომანიას პროვინციის დედაქალაქი რიმინი ზრდის. გამორჩეული სანაპიროებით, ღამის ცხოვრებითა და კულტურული მემკვიდრეობით, ადრიატიკის ზღვის უდიდეს კურორტზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია როგორც დიდი ტურისტული ჯგუფების, ასევე წყვილებისა და სოლო მოგზაურების მხრიდან.
მზარდი პოპულარობით სარგებლობს ხორვატია, განსაკუთრებით კი “ადრიატიკის მარგალიტად” წოდებული დუბროვნიკი, სადაც მშვიდ სანაპიროებს ენერგიული და ხმაურიანი პლაჟები ენაცვლება. დუბროვნიკი ერთ-ერთია იმ მიმართულებებს შორის, რომელიც აქტიური დასვენებისთვის გასართობ ობიექტებსა და სარელაქსაციოდ აუცილებელ მომსახურებას ერთად უყრის თავს.
Booking.com-ის 2025 წლის ზაფხულის ტენდენციები ნათლად გამოხატავს, რომ ტურისტული ინდუსტრია ხელმისაწვდომობასა და პრემიუმ გამოცდილებას ეფექტურად აბალანსებს, განსაკუთრებული მოთხოვნით კი ისეთი მიმართულებები სარგებლობენ, სადაც კონკურენტული საფასო პოლიტიკა უნიკალურ კულტურულ გამოცდილებას ერწყმის. ტრენდული მიმართულებების გაანალიზება ტუროპერატორებს, ინვესტორებსა და თავად სამიზნე ქვეყნებს სამომხმარებლო ქცევაზე მორგებისა და რესურსების ეფექტურად განაწილების საშუალებას აძლევთ.




























