მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე წარმატებული ქალი მხატვრები - სააუქციონო რეიტინგი

Sotheby's

ქალთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ ქალთა მიღწევებს ყველა სფეროში, მათ შორის ხელოვნებაშიც. ისტორიის დიდი ნაწილის განმავლობაში შემოქმედი ქალების მოღვაწეობა მამაკაცი კოლეგების მიერ იყო გადაჩრდილული, თუმცა საბედნიეროდ დღეს სულ სხვა ვითარებაა, ქალი ხელოვანები სულ უფრო ფართო აღიარებას ნახულობენ და ახალ რეკორდებს ამყარებენ. შევხედოთ თუ ვინ არიან დღევანდელი ხელოვნების ბაზრის ყველაზე წარმატებული და გავლენიანი მხატვარი ქალები.

10. ლი კრასნერი

$11,6 მილიონი The Eye is the First Circle (1960)

ლი კრასნერის The Eye is the First Circle (1960) 2019 წლის მაისში Sotheby’s-ის 11,6 მილიონ დოლარად გაიყიდა, რითაც ის აუქციონზე გაყიდულ ქალი ხელოვანის ნახატებს შორის მე-10 ყველაზე ძვირად ღირებულად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მას ჯექსონ პოლოკის ცოლად მოიხსენიებდნენ, უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ისინი 1942 წელს ნიუ-იორკში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ, კრასნერი უფრო წარმატებულ ხელოვანად ითვლებოდა.

The Eye is the First Circle კრასნერის ყველა მნიშვნელოვან რეტროსპექტივაზე იყო წარმოდგენილი, ის 1991 წელს მოიპარეს კიდევაც, თუმცა ანონიმური ინფორმაციის წყალობით მალევე იპოვეს.

9. ჯენი სავილი

$12.4 მილიონი, Propped (1992)

ჯენი სავილის Propped (1992) 2018 წელს ბენქსის ლეგენდარულ თვითგანადგურებად ნამუშევართან ერთად გაიყიდა აუქციონზე $12,4 მილიონად, რითაც ყველაზე ძვირად ღირებული ცოცხალი ქალი ხელოვანი გახდა.

სავილიმ თავისი შემოქმედებითი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ადამიანის სხეულის და კანის შესწავლას დაუთმო, რაც მის ნამუშევრებს უნიკალურობას სძენს. Propped (1992) სავილის გამოსაშვები ნამუშევარი იყო, მასზე ბელგიელი ფემინისტი მწერლის ლუს ირიგარეის ციტატა ამოიკითხება “ თუ ამ ერთფეროვნებაში გავაგრძელებთ საუბარს - ისე, როგორც საუკუნეების განმავლობაში საუბრობდნენ კაცები, ჩვენ ერთმანეთს იმედს გავუცრუებთ”.

8. მარლენ დუმა

$13,6 მილიონი, Miss January (1997)

ნიდერლანდელი მხატვრის, მარლენ დიუმას "მის იანვარი" (1997) გასულ მაისს Christie’s-ის აუქციონზე გაყიდვის შემდეგ, ქალი ხელოვანის მიერ შექმნილ ნამუშევართა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული გახდა.

3 მეტრის სიმაღლის "მის იანვარი" განასახიერებს ხელოვანის მხატვრულ მრავალმხრივობას და მის შთაგონების საგნებს სილამაზის კონკურსის მონაწილეებს და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს.

7. ეგნეს მარტინი

18,7 მილიონი, Grey Stone II (1961)

2023 წელს ნიუ იორკის ნოემბრის სააუქციონო კვირეული ბაზარზე საგრძნობი ვარდნის ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა ამის მიუხედავად ეგნეს მარტინის Grey Stone II (1961) მხატვრისთვის რეკორდულ $18,7 მილიონად გაიყიდა.

Grey Stone II (1961) მხატვრის ოქროს ფურცლით დაფარული სამი ნამუშევრიდან ერთ-ერთია და ერთადერთი რომელიც ჯერ კიდევ კერძო კოლექციაშია.

აგნეს მარტინის ნამუშევრები ნიავივით მსუბუქია და დამთვალიერებელში ხშირად ბუნებასთან ასოციაციას იწვევს, თუმცა ნახატები მეტწილად აბსტრაქტულია, თითქოს და ბუნებასთან შეხვედრით აღქმული ემოიცების ვიზუალარული გამოხატულება.

6. ტამარა დე ლემპიცკა

21,1 მილიონი დოლარი, Portrait de Marjorie Ferry (1932)

ლემპიცკას ეს გამორჩეული ნამუშევარი 2020 წლის თებერვალში Christie’s-ის აუქციონზე 2009 წლის შედეგთან შედარებით 17 მილიონით უფრო ძვირად გაიყიდა, ჯამში $21,1 მილიონად. ეს გასაკვირი შედეგი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი ნამუშევრების მიმართ მოთხოვნა ამ პერიოდში მკვეთრად გაიზარდა. სულ რაღაც სამი თვით ადრე მისი "La Tunique Rose" (1927) Sotheby’s-ის აუქციონზე 13,36 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ლემპიცკა, შეიძლება ითქვას, მე-20 საუკუნის დასაწყისის ხელოვნების სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურა იყო — ქალი, რომელსაც ყველაფერი ენახა. მისი ერთ-ერთი ყველაზე იკონური ნამუშევარი, რომელიც მან 1929 წლის საფონდო ბირჟის კრახის შემდეგ დახატა, ასახავს ლემპიცკას რომელიც მწვანე "ბუგატის" მართავს. მისი ნამუშევრები ბევრი ცნობილი ადამიანის კერძო კოლექციის ნაწილია, მათ შორის მადონასა და ბარბარა სტრეიზენდს.

5. ლეონორა კერინგტონი

$28.4 მილიონი "Les Distractions de Dagobert" (1945)

"Les Distractions de Dagobert" (1945) 2025 წლის მაისში 10 წუთიანი დაძაბული აუქციონის შედეგად შთამბეჭდავ $28,4 მილიონად გაიყიდა, რითაც ქალი მხატვრის ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევრების ტოპ ხუთეულში მეხუთე ადგილს იკავებს.

ბევრი მნახველი კერინგტონის ნამუშევრებს ჰერონიმუს ბოსხს მიაკუთვნის, ადრეული რენესანსის პერიოდის ჰოლანდიელ მხატვარს, რაც გასაკვირი არ არის, რადგან კერინგტონი დიდწილად შთაგონებული იყო შუა საუკუნეებისა და ადრეული რენესანსის ხელოვნებით. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები უდავოდ მოდერნისტული და სიურრეალისტურია, მითიური, მისი უნიკალური მისტიციზმი და ფანტასტიკური თემატიკა ევროპული ფოლკლორიდან იღებს შთაგონებას.

4. ჯოან მიჩელი

29,1 მილიონი დოლარი, Untitled (1959)

Untitled (1959) ქალის მიერ შექმნილ აბსტრაქციებს შორის ხელოვნების ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ნამუშევარი გახდა, როდესაც ის 2023 წლის ნოემბერში 29,1 მილიონად გაიყიდა.

Christie’s-მ აუქციონზე Untitled-ს მიჩელის საუკეთესო ნამუშევარი უწოდა, ის სწორედაც მხატვრის შემოქმედებით პიკს წარმოადგენს, პერიოდს როდესაც მიჩელი ნიუ-იორკიდან პარიზში გადავიდა საცხოვრებლად.

მიჩელი თავის შემოქმედებით პროცესს ასე ასახავს - “მე ვხატავ იმ დამახსოვრებული პეიზაჟების მიხედვით, რომლებიც თან დამაქვს, მათი დამახსოვრებული შეგრძნებების მიხედვით, რომლებიც, რა თქმა უნდა, ტილოზე გარდაიქმნება. მე, რა თქმა უნდა, ვერასდროს შევძლებ მივბაძო ბუნებას. უფრო მირჩევნია, დავხატო რასაც ის ჩემში ტოვებს".

3. ლუიზ ბურჟუა

$32.8 მილიონი, Spider (1996)

ბურჟუას ობობის სკულპტურების პირველი ვერსია, რომელიც, როგორც ცნობილია, დედობრივი სიყვარულის მრავალ ასპექტს ასახავს, 2023 წლის მაისში Sotheby’s-ის აუქციონზე $32,8 მილიონად გაიყიდა. 3 მეტრიანი ობობის სკულპტურა ამ შედეგით ქალი ხელოვანის ყველაზე ძვირად ღირებული სკულპტურა გახდა.

2. ჯორჯია ო'კიფი

44,4 მილიონი დოლარი, Jimson weed/White flower no. 1 (1932)

ჯორჯია ო’კიფის ეს ნამუშევარი 2014 წელს Sotheby’s ნოემბრის აუქციონზე რეკორდულ 44,4 მილიონად გაიყიდა, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქალი მხატვრის ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი იყო, თუმცა თუ ინფლაციას გავითვალისწინებთ შეიძლება ითქვას, რომ ო’კიფის ნამუშევარი ისევ პირველ ადგილს იკავებს.

თავდაპირველად ო'კიფის უმცროსი დის საკუთრებაში მყოფი, ნახატი ექვსი წლის განმავლობაში ჯორჯ ბუშის თეთრი სახლის სასადილო ოთახში ეკიდა.

საინტერესოა, რომ ო’კიფის ნახატზე დატურა სტრამონიუია (Datura stramoniom) გამოსახული, ტოქსიკური ყვავილი, რომელიც ისტორიულად საწამლავის დასამზადებლად გამოიყენებოდა.

1. ფრიდა კალო

54,6 მილიონი დოლარი, El sueño (La cama) (1940)

მექსიკელი მხატვრის ეს ოცნებით სავსე ავტოპორტრეტი გასულ შემოდგომაზე Sotheby’s-ის აუქციონზე $54,6 მილიონად გაიყიდა, რითაც ქალი მხატვრის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი გახდა.

ფრიდა კალო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი მხატვარია, El sueño (la cama) აუქციონზე პირველად 1980 წელს გავიდა, მაშინ ნახატი სულ რაღაც 51,000 დოლარად გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები