მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყველის წარმოების დაწყება გვინდა” - “ბლაუენშტაინ საქართველოს” გეგმები

6491a1e7467d2
ნანუკა ნარიმანიძე
20.06.23 17:44
1201
ქართულ-შვეიცარიული საწარმო “ბლაუენშტაინ საქართველო” ყველის წარმოების დაწყებას და არსებული დარგების გაძლიერებაზე ფიქრობს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა თათია არაბიძემ გადაცემა “ქალების ნარატივში” სტუმრობისას ისაუბრა.

“ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ დმანისის შვეიცარიულ ყველის საწარმოსთან, გვსურს ყველის წარმოების დაწყება და ეს თავიდანვე გვქონდა გეგმებში. დმანისის საწარმოს სახით, საქართველოში უკვე არსებობს მაღალი ხარისხის საწარმო, რომელიც მაღალი სტანდარტებით მუშაობს, ჯერჯერობით, ბაზარზე არ დგას იმის საჭიროება, რომ ორი შვეიცარიული კომპანია ერთნაირ პროდუქტს აწარმოებდეს, თუმცა, თუ უახლოეს მომავალში გაჩნდება მოთხოვნა, ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით”, - განმარტა მან.

ამასთან, კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ გეგმებშია არსებული დარგების გაფართოება და ახალი პარტნიორების შეძენა.

“ამ ეტაპზე, განსხვავებულ დარგებზე შეჭიდებას არ ვგეგმავთ, გვინდა გავაძლიეროთ ის მიმართულებები, რომელიც უკვე გვაქვს, მაგალითად: მეღორეობის ფერმის ოთხი ნაწილიდან, მხოლოდ ერთი გვაქვს ამუშავებული, ვაწარმოებთ მხოლოდ მარცვლეულზე გაზრდილ ღორის ხორცს, თუმცა, ამ დარგს კიდევ უფრო გავაფართოებთ, ასევე, თუ ბაზარზე გაჩნდებიან იმ ხარისხის პარტნიორები, როგორიც დმანისის საწარმოა, ჩვენ გავიჩენთ პარტნიორებს”, - დასძინა მან და კონკურენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, - “თივის წარმოებიდან საბოლოო მომხმარებლის კალათამდე მთლიანი ჯაჭვს ჩვენ ვამუშავებთ, უკონკურენტო გარემოში ხარისხის შენარჩუნება იოლია, თუმცა, ჯობს ასეთი ბიზნესები ბევრი იყოს, რათა ცნობიერება და ინტერესი ამ სფეროში გაიზარდოს. ჩვენ მივესალმებით კონკურენციას და გვინდა, საქართველოში ამ დარგმა ფეხი მოიკიდოს”, - თქვა მან.

ცნობისთვის, "ბლაუენშტაინ საქართველო“ შვეიცარიულ-ქართული ინვესტიციით 2008 წელს, რაჭის რეგიონში შეიქმნა, კომპანია საკუთარ ფერმაში გამოზრდილი საქონლის ხორცისგან პროდუქტებს ამზადებს და თბილისში საფირმო მაღაზიაში ყიდის. პირველი გაყიდვის წერტილი კომპანიამ 2015 წელს გახსნა, დღეს კი სამ გაყიდვის ობიექტს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები