მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობისა, ტურისტული სექტორი ზაფხულის სეზონზე მოთხოვნის ნაწილობრივ აღდგენას ელოდება.
ტურისტული კომპანია Hot Travel-ის ჯგუფისა და Tripzy-ის დამფუძნებელი თამარ ჩხიკვაძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ გაზაფხულის ჩავარდნის შემდეგ, ბაზარი ეტაპობრივად უნდა დასტაბილურდეს, ხოლო მოგზაურები, ალტერნატიულ მიმართულებებზე გადანაწილდნენ.
მისივე ინფორმაციით, ზაფხულის ჯავშნები უკვე დაწყებულია, თუმცა ბოლო წლებში მომხმარებელთა ქცევა შეიცვალა და წინასწარი დაგეგმვა შედარებით ნაკლებად აქტიურია. „ზაფხულის ჯავშნები დაწყებულია. ამ ბოლო პერიოდში ისედაც ქართველები ნაკლებად ჯავშნიდნენ. იყო პერიოდი, როცა უფრო აქტიურად წინასწარ ჯავშნიდნენ, თუმცა ბოლო წლებში ეს ტენდენცია შემცირებულია“, - ამბობს ჩხიკვაძე.
მისივე შეფასებით, მიუხედავად არსებული რისკებისა, ზაფხულისთვის ბაზარი გარკვეულწილად დასტაბილურდება. „ვფიქრობ, რომ ზაფხული უნდა დასტაბილურდეს. რეალურად, ვინც გეგმავდა დასვენებას საზღვაო კურორტებზე, იქ სადაც საჰაერო სივრცეები ჩაკეტილია, ვთავაზობთ ალტერნატიულ ვარიანტებს, მაგალითად ევროპის მიმართულებით“, - განმარტავს ის.
ჩხიკვაძე აღნიშნავს, რომ ტურისტული კომპანიები აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებაზე და მოთხოვნა სრულად არ გამქრალა. მისი თქმით, მომხმარებლები შედარებით ადაპტირებულები არიან მსგავსი ტიპის გლობალურ გამოწვევებთან. „უკვე იმუნიტეტიც გვაქვს მე მგონი პანდემიის შემდეგ, წინასწარ ვიცით რა, როგორ უნდა გავაკეთოთ და რის მერე, რა უნდა გავაკეთოთ. მაგალითად, გუშინ ვმუშაობდი ბალის ჯგუფზე. არ აშინებს აბსოლუტურად მოგზაურებს ეს პროგნოზები, იმიტომ რომ გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეს უფრო დროებითი პროცესია და გრძელვადიან პერსპექტივაში არ გაჭიანურდება“, - ამბობს ის.
„გაზაფხულის სეზონი, რა თქმა უნდა, ჩავარდნილია, თუმცა ვფიქრობ, ზაფხული იქნება სტაბილური - ჩვეულებრივ შესრულდება ფრენებიც და მოგზაურებიც შეძლებენ სხვადასხვა ქვეყანაში დასვენებას“, - დასძინა მან.




























