მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ზაფხულის ჯავშნები უკვე აქტიურად მიმდინარეობს" - მარტვილში "ტალერის ტერასები" მაღალ დატვირთვას ელოდება

ტალერის ტერასები

მარტვილში მდებარე განთავსების ობიექტი „ტალერის ტერასები“ მიმდინარე ზაფხულის სეზონს პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ჯავშნების მიღება უკვე აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ობიექტის მენეჯერი ლიკა თოდუა BM.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, წელს მოთხოვნა განსაკუთრებით გაზრდილია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრების მხრიდან და სეზონის დატვირთულობის მოლოდინი მაღალია.

„ეს ჩვენთვის მეორე ზაფხულის სეზონია. შარშან იყო პირველი ზაფხულის სეზონი და ამ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მოთხოვნა ძალიან მაღალია. წელს კი უკვე გაზაფხულიდან აქტიური დაჯავშნა დაიწყო, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებზე. შემიძლია ვთქვა, რომ ზაფხულის თვეებში წინასწარი ჯავშნები უკვე აქტიურად მიმდინარეობს. კორპორატიული ღონისძიებებიც ბევრია და ტურისტული ჯგუფებიც აქტიურად გვიკავშირდებიან“, - ამბობს თოდუა.

მისი თქმით, ობიექტის მიმართ ინტერესს ასევე ზრდის ის ფაქტი, რომ „ტალერის ტერასები“ არ არის მხოლოდ კლასიკური სასტუმრო, არამედ ერთ სივრცეში აერთიანებს განთავსებას, რესტორანსა და მეღვინეობას, რაც სტუმრებს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს.

ობიექტის ისტორია 2019 წლიდან იწყება, როდესაც ოჯახმა ტალერში ტერასული ვენახის გაშენება დაიწყო. როგორც ლიკა თოდუა იხსენებს, პროექტის საფუძველი ოჯახის მემკვიდრეობასა და რეგიონთან ემოციურ კავშირს უკავშირდება: „ჩვენი ისტორია 2018 წლიდან იწყება, როდესაც ვენახი ტალერში გავაშენეთ, საიდანაც ჩვენი ოჯახი - თოდუები არიან წარმოშობით. აკაკი თოდუამ გააშენა ეს ტერასული ვენახი. თავიდან ეს იყო მხოლოდ ვენახის იდეა, მაგრამ შემდეგ ეტაპობრივად გადაიქცა უფრო დიდ კონცეფციად“, - აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, ვენახში გაშენებულია უნიკალური, იშვიათი და ნაწილობრივ გადაშენების პირას მყოფი მეგრული ჯიშები, რომელთა აღდგენა და შენარჩუნება პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

„გავაშენეთ მეგრული ჯიშები, რომლებიც მუზეუმიდან აღებული კვირტებით მოვიპოვეთ. გვაქვს ოჯალეში და ეგუძგური. ეს ჯიში არის პრაქტიკულად გადაშენებული, ძალიან იშვიათი ჯიში და ჩვენთან არის შენარჩუნებული. ვაწარმოებთ როგორც წითელ მშრალ ოჯალეშს, ისე თეთრ მშრალ ეგუძგურს“, - ამბობს ლიკა თოდუა.

ვენახის განვითარებას, როგორც ის განმარტავს, მალევე მოჰყვა იდეა ტურისტული კომპლექსის შექმნის შესახებ. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ტერიტორიაზე უკვე გაიხსნა სასტუმრო და კოტეჯების კომპლექსი.

"ავაშენეთ შვიდი ორსართულიანი კოტეჯი, რომელიც ჯამში დაახლოებით 30 ადამიანს იტევს. ამას დაემატა სასტუმრო ნომრებიც და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა“, - აცხადებს ის.

დღეს კომპლექსი მოიცავს როგორც განთავსების სივრცეებს, ისე გასართობ და გასტრონომიულ ინფრასტრუქტურას - აუზს, რესტორნის რამდენიმე დარბაზს, ღია ბუნგალოებსა და მთავარ მარანს, სადაც სტუმრებს ღვინის დაგემოვნება შეუძლიათ. ობიექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ადგილობრივი და ნატურალური პროდუქტის გამოყენება, რასაც მენეჯერი მის კონკურენტულ უპირატესობად მიიჩნევს.

„გვაქვს საკუთარი ფერმა, რაც არის ჩვენი მთავარი ნიშა. ხორცი, რძე, ყველი - ყველაფერი ადგილზე წარმოებულია და ნატურალურია. არ ვიყენებთ გაყინულ პროდუქტს, რაც სტუმრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს ის.

რაც შეეხება განთავსების ფასებს, „ტალერის ტერასებში“ სხვადასხვა ტიპის შეთავაზებაა. კოტეჯში ოთხი ადამიანის განთავსება საუზმის ჩათვლით 350 ლარი ღირს, ორადგილიანი ნომერი 200 ლარიდან იწყება. ორი სტუმრის შემთხვევაში კოტეჯის ფასი 250 ლარია, სამი ადამიანის შემთხვევაში 300 ლარს აღწევს, ხოლო დამატებითი სტუმრისთვის 50 ლარი ემატება თითოეულ პერსონაზე.

მეღვინეობის მიმართულებით კომპანია ამ ეტაპზე პროდუქციას მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე აწარმოებს და რეალიზაციას ახდენს. როგორც თოდუა განმარტავს, „ეგუძგურს“ შეზღუდული რაოდენობის გამო ჯერ არ იყიდება, თუმცა მომავალში ბაზარზე გასვლა იგეგმება.

„ამ ეტაპზე რეალიზაცია ხდება მხოლოდ საქართველოში. ეგუძგური ძალიან მცირე რაოდენობით გვაქვს და ამიტომ ჯერ არ გამოგვაქვს ბაზარზე. ოჯალეშს კი ადრე ვყიდდით “8000 მოსავალში”, ახლა დროებით შევაჩერეთ, მაგრამ მალე ისევ დავიწყებთ მიწოდებას“, - აცხადებს ის.

მისივე თქმით, კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სტუმრები დაბრუნდნენ და გამოცდილება პოზიტიურად ახსოვდეთ, რაც ობიექტის განვითარების მთავარი საფუძველია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები