PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროები გაძვირდა და ამ ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 180 ლარი შეადგინა. ჯამში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროები წლიურ ჭრილში 3%-ით არის გაზრდილი.
იგივე პერიოდში პერიოდში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 278 ლარი იყო (კლება 3%), 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს კი - 574 ლარი (ზრდა 12%) ღირდა. ხოლო საოჯახო სასტუმროების საშუალო ფასმა 113 ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12%-ით არის გაიაფებული.
რაც შეეხება უშუალოდ ნოემბერს, სასტუმროების საშუალო ფასი ასეთია:
- 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო - 153 ლარი
- 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო - 232 ლარი
- 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - 443 ლარი
- საოჯახო სასტუმროები - 111 ლარი
PMC-ის ინფორმაციით, შედეგები მიღებულია 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად.
2023 წელს საქართველოში ჯამში 1 188 სასტუმრო და 35 ათასზე მეტი ოთახი იყო. ყველაზე მეტი სასტუმრო თბილისშია, მთლიანი რაოდენობის 36%-ით, შემდეგ მოდის აჭარა 30%-ით, ხოლო მესამე ადგილზეა სამცხე-ჯავახეთი. 2024 წლის ცხრა თვეში ქვეყანამ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.46 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 6.4%-იანი ზრდაა. წელს სამ კვარტალში ქვეყანაში 5.04 მილიონი ვიზიტი შედგა, რაც წლიურად 4.5%-ით არის გაზრდილი. სამი კვარტალის მონაცემებით, წელს ტურიზმის შემოსავლების წილი მთლიან შიდა პროდუქტში გაზრდილია.