მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზაფხულის სეზონზე აჭარის ბაზრის აქტიურ ტესტირებას ვგეგმავთ" - "დილისკარის" გეგმები

დილისკარი

ქართული პურპროდუქტების მწარმოებელი ბრენდი "დილისკარი" რეგიონული გაფართოების აქტიურ ფაზაში შედის.

როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელმა, მარეხი გვარამაძემ განაცხადა, მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ბრენდი აჭარის ბაზრის ტესტირებას გეგმავს, წლის ბოლომდე კი აღმოსავლეთ საქართველოს სრულად ათვისებას ისახავს მიზნად.

"ჩვენი უახლოესი მიზნები საკმაოდ დინამიკურია. წლის ბოლომდე ვაპირებთ აღმოსავლეთ საქართველოს ბაზრის ათვისებას და პარალელურად, უკვე მიმდინარე ზაფხულის სეზონზე, ვგეგმავთ აჭარის ბაზრის აქტიურ ტესტირებას", - აცხადებს მარეხ გვარამაძე.

დამფუძნებლის თქმით, რეგიონული გაფართოების პროცესი მხოლოდ სამომავლო გეგმა არ არის, არამედ დღეის მდგომარეობით უკვე აქტიურად მიმდინარეობს. მისი განმარტებით, თბილისის გარდა, კომპანიის სადისტრიბუციო ქსელი ამ ეტაპზე სრულად მოიცავს რუსთავს, ქვემო ქართლის გარკვეულ ნაწილსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონს.

დამფუძნებლის განცხადებით, რეგიონული გაფართოების პარალელურად, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია საცალო გაყიდვების მიმართულებით განვითარება. მარეხი გვარამაძის თქმით, ძალიან მალე "დილისკარის" ასორტიმენტი სუპერმარკეტების ქსელ "გუდვილში" გამოჩნდება.

მანამდე კომპანია ძირითადად HORECA სექტორზე იყო ფოკუსირებული და დღეისათვის თბილისისა და რუსთავის მასშტაბით 50-მდე წამყვან სარესტორნო ობიექტს ამარაგებს.

როგორც მარეხ გვარამაძე აღნიშნავს, რეგიონებში მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას კომპანია საწარმოო სიმძლავრეების შესაბამისი რეზერვით ხვდება. "დილისკარის" საწარმოო ხაზის მაქსიმალური დღიური წარმადობა 20 000-მდე ერთეულ პურპროდუქტს შეადგენს, საიდანაც საწყის ეტაპზე რესურსების მხოლოდ 30%-ია ათვისებული.

"ეს მოცემულობა გვაძლევს მყარ საფუძველსა და თავისუფლებას ბაზარზე სწრაფი ზრდისთვის. ვინაიდან საწარმოს აქვს 3-ჯერ მეტი წარმოების რეზერვი, ჩვენ სრულად ვართ მზად, რომ მოკლე ვადებში დავაკმაყოფილოთ როგორც საცალო ქსელების, ისე ახალი რეგიონული პარტნიორების მხრიდან მზარდი მოთხოვნა", - განმარტავს მარეხი გვარამაძე.

"დილისკარის" ბრენდის ასორტიმენტის საფუძველი სამცხე-ჯავახეთის კულტურისთვის დამახასიათებელი თხელი ლავაშია. დამფუძნებლის თქმით, საწყის ეტაპზე რეგიონებშიც წარმოდგენილნი იქნებიან როგორც ტრადიციული თეთრი ლავაშით, ისე ახალი სახეობებით - ჭვავისა და აქტივირებული ნახშირის ლავაშით.

მარეხ გვარამაძის თქმით, მომდევნო 1-3 წლის სტრატეგიული გეგმის მეორე ფაზა, ბაზარზე პოზიციების გამყარების შემდეგ, პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას და მივიწყებული ქართული რეცეპტებით შექმნილი პურების ხაზის ჩაშვებას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები