ტურისტული კომპანია „ბოდიალა თრეველის“ დამფუძნებელი, მარიამ ახვლედიანი BM.GE-სთან წლევანდელ ტურისტულ სეზონზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ წელს, ქართველი მომხმარებლები ძირითადად არჩევანს თურქეთის მიმართულებით ანტალიაზე, ასევე კვიპროსზე, საბერძნეთის კუნძულებსა და დუბაიზე აკეთებს.
მისივე ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე ფასები გასული წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით გაზრდილია, რაც ავიაკომპანია Wizzair-ის მიერ ევროპის მიმართულებით რეისების შემცირებით არის განპირობებული.
„ზაფხულის სეზონზე ფასები გაზრდილია, რადგან ]Wizzair-მა ევროპის მიმართულებით გარკვეული რეისები შეამცირა, ზოგიერთი ქალაქი გააუქმა და შესაბამისად, ფასებიც გაიზარდა. თან სეზონიც ახლოვდება და სააქციო პაკეტების ყიდვაც შეჩერებული გვაქვს. თუმცა, ფასების კლების კუთხით დაკორექტირებასაც არ გამოვრიცხავთ.
ქართველი მომხმარებლების უდიდესი ნაწილი დასვენებას ანტალიაში, კვიპროსსა და საბერძნეთის კუნძულებზე გეგმავს. ამასთან, ევროპის საგზურები, კერძოდ საფრანგეთის, ესპანეთის, ჩეხეთის და ავსტრიის მიმართულებით, გარდა ამისა, დუბაიც მთელი წლის განმავლობაში ძალიან მოთხოვნადია. ამ დროისათვის, სექტემბრის ბოლომდე წინასწარი ჯავშნები უკვე გვაქვს", - აღნიშნა ახვლედიანმა და დასძინა, რომ მაგალითად, ანტალიაში ერთი კვირით 5-ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენების ფასი 1 300 ლარიდან იწყება.
"ფასები მომატებულია, თუმცა თვიდან თვემდე კლების ტენდენცია შეინიშნება“,- აცხადებს ახვლედიანი.
ტურისტული კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, საზღვაო მიმართულებით, ძირითადად საოჯახო პაკეტებზეა მოთხოვნა გააქტიურებული, ხოლო ევროპის მიმართულებით ძირითადად წყვილები და ახალგაზრდა სეგმენტი აკეთებს არჩევანს.