მსოფლიოს უდიდესმა საიმიგრაციო საზოგადოება InterNations-მა საზღვარგარეთ საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. Expat Insider-ის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში, ჯამში 174 ქვეყნის 12,500 მოქალაქე გამოიკითხა, რომელთაც სთხოვეს, შეეფასებინათ ქვეყნები სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით – მეგობრების შეძენიდან დაწყებული, კლიმატური პირობებით დასრულებული. რესპონდენტთა პასუხების მიხედვით კი საზღვარგარეთ საცხოვრებლად ევროპის საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ გლობალური რეიტინგის ათეულში მხოლოდ ერთი ევროპული ქვეყანა მოხვდა ესპანეთის სახით, რომელიც სიის მეოთხე პოზიციას იკავებს. ის დადებითად ემიგრანტთა 84%-მა (გლობალურად 68%) შეაფასა. ქვეყანა საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც ყურადღებას კლიმატს, ჯანდაცვასა და ცხოვრების ღირებულებას აქცევს.
გასულ წელთან შედარებით, რეიტინგში 20 პოზიციით დაწინაურდა და მე-18 ადგილზე გადაინაცვლა ბელგიამ. განსაკუთრებული პოპულარობით ემიგრანტებს შორის ქვეყანა ცხოვრებისა და სამუშაოს ბალანსის გამო სარგებლობს. ასევე დადებითად შეფასდა ბელგიაში კარიერული განვითარების შესაძლებლობა და სამუშაო უსაფრთხოება. „ცხოვრების ხარისხის ინდექსში“ ბელგიამ 35-დან მე-18 პოზიციაზე გადაინაცვლა. საზღვარგარეთ სამუშაოდ ყველაზე ცუდი ქვეყანა კი ამ გამოკითხვით, თურქეთი აღმოჩნდა. საზღვარგარეთ საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების საერთო რეიტინგში თურქეთი 52-ე პოზიციას იკავებს.
საინტერესოა, რომ რესპონდენტთა თითქმის მესამედის შეფასებით, თურქეთში გადასვლა მათ კარიერულ განვითარებაზე დადებითად არ ასახულა, პირიქით, ისინი უფრო მეტად ნეგატიურ გავლენაზე საუბრობენ. რაც შეეხება „ცხოვრების ხარისხის ინდექსს“, ამ შემთხვევაში თურქეთი 42-ე პოზიციას იკავებს. მცხოვრებლები დადებითად აფასებენ გარემოს, კლიმატსა და ჯანდაცვას.
რაც შეეხება საზღვარგარეთ საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების საერთო რეიტინგს, ამ შემთხვევაში პირველ ადგილს პანამა იკავებს, შემდე მოდის მექსიკა და ინდონეზია. პანამის შემთხვევაში უცხოელი მცხოვრებლები განსაკუთრებით კმაყოფილნი თავიანთი ფინანსური მდგომარეობის გამო არიან. მექსიკაში გამოკითხულთა 89% აცხადებს, რომ ცხოვრებით ბედნიერია, ინდონეზიაში კი ეს მაჩვენებელი 84%-ია. გლობალური ათეული შემდეგნაირია: პანამა, მექსიკა, ინდონეზია, ესპანეთი, კოლუმბია, ტაილანდი, ბრაზილია, ვიეტნამი, ფილიპინები და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ევროპის შემთხვევაში კი, InterNations-ის ანგარიშით, ათეული შემდეგნაირად ნაწილდება: ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ლუქსემბურგი, ავსტრია, დანია, ნიდერლანდები, საბერძნეთი, პოლონეთი და შვეიცარია;
იმ ქვეყნების ათეულის შესახებ მონაცემებს, სადაც დასვენება ყველაზე სასურველია, სტატისტა ავრცელებს, რისთვისაც World Travel Market-ისა და Tourism Economics-ის მონაცემები გამოიყენა. ქვეყანაში შესული დამსვენებლების რაოდენობის მიხედვით, დასასვენებლად მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ადგილი საფრანგეთი აღმოჩნდა. ამ სახელმწიფომ 2023 წელს 72.4 მილიონი ტურისტი მიიღო ქვეყანაში.
დამსვენებლების რაოდენობით საფრანგეთს 1.6 მილიონით ჩამორჩება მისი მეზობელი ესპანეთი, რომელსაც 2023 წელს 70.8 მილიონი დამსვენებელი ეწვია.
მესამე ადგილს კი თურქეთი იკავებს, რომელიც დამსვენებლების რაოდენობით საფრანგეთსა და ესპანეთს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
მსოფლიოს 10 ყველაზე პოპულარული ქვეყანა დასასვენებლად (2023 წელი): საფრანგეთი – 72.4 მილიონი; ესპანეთი – 70.8 მილიონი; თურქეთი – 45.5 მილიონი; აშშ – 41.8 მილიონი; საბერძნეთი – 27.5 მილიონი; ტაილანდი – 27.3 მილიონი; იტალია – 25.9 მილიონი; იაპონია – 20.7 მილიონი; გერმანია – 19.8 მილიონი; ავსტრია – 16.5 მილიონი.
რაც შეეხება საქართველოს, ათეულს ბევრი გვაშორებს, თუმცა რაოდენობრივად მაჩვენებლები მზარდია. მიმდინარე წლის I-II კვარტალში საქართველოს 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია.
საანგარიშო პერიოდში ინდოეთიდან ვიზიტები გაზრდილია 64%-ით, ყაზახეთიდან 22%-ით, რაც შეეხება ჩინეთს, პირველ ნახევარში ჩინეთიდან 32 853 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წლიურ ჭრილში 159.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ჩინეთი 11-ე ადგილზეა ვიზიტების მიხედვით ქვეყნების ჩამონათვალში და მთლიან რაოდენობაში 1.2%-იანი წილი აქვს.
როგორია ზაფხულის ტურისტული სეზონი სტატისტიკის მიღმა, როგორ აფასებს ბიზნესი ვითარებას?
სტუმარი: გიორგი დოლიძე - HSC Group Hospitality დირექტორი და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველი;