მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ზაფხულობით კადრების დეფიციტთან და მოთხოვნის კლებასთან ადაპტირება გვიწევს" - "წიწილა" გამოწვევებზე

წიწილა გრილი და ბისტრო

ქართული სწრაფი კვების ობიექტებისთვის ზაფხულობით როგორც კადრების დეფიციტის, ასევე მოთხოვნის შემცირების გამოწვევა დგება - ამის შესახებ BMG-სთან "წიწილას" თანადამფუძნებელმა, მარიამ მარხულიამ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული აქტიური პერიოდი უნდა იყოს გაყიდვების გასაზრდელად, როცა საქმე ქართულ გემოებს ეხებათ, ვითარება განსხვავებულია.

"კადრების დეფიციტის პრობლემა ძალიან რეალურია, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როცა სტაბილური კადრის შენარჩუნება რთულია. ბევრ ადამიანს სურს სეზონზე 3 თვით სამუშაოდ [საზღვარგარეთ] წასვლა და ახალი კადრის აყვანა 10-ჯერ მეტად რთულდება. გვიწევს ორმაგი რესურსის დახარჯვა იმისთვის, რომ ამ პერიოდში ხარისხი შევინარჩუნოთ.

ამასთან, ზაფხულის სეზონზე შეიძლება იქმნება შთაბეჭდილება, რომ ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის და ამ დროს გაყიდვები და მოთხოვნა უნდა გაიზარდოს, მაგრამ წიწილას მუდმივი მომხმარებლები ქართველები არიან, რომლებიც ამ დროს დასასვენებლად მიდიან. ამის ხარჯზე ხდება გაყიდვების სერიოზული დისბალანსი, დროებით ვკარგავთ მომხმარებელს და ტურისტები ამ მოთხოვნას ვერ აბალანსებენ, გვიწევს ადაპტაცია კადრების დეფიციტთან და მოთხოვნის კლებასთან", - აღნიშნა მარიამ მარხულიამ.

სწრაფი კვების რესტორანი “წიწილა” მომხმარებლებს ექსკლუზიურად ქათმისგან დამზადებული კერძების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. როგორც ობიექტის დამფუძნებელი აღნიშნავს, რესტორნის იმ ფილიალიდან, რომელიც პირველი გაიხსნა და ზუსტად ერთი წელია ოპერირებს, ყოველდღიურად ქათმის 300 სენდვიჩი და 200-მდე ლანჩ-ბოქსი იყიდება.

მარიამ მარხულია ამბობს, რომ მომხმარებლისთვის მუდმივად ახალი გემოების შეთავაზება კიდევ ერთი გამოწვევაა, რომლის წინაშეც სწრაფი კვების ობიექტები დგანან: გემრიელი პროდუქტის შეთავაზება კერძის ფასს აძვირებს, რაც, რესტორნისგან განსხვავებით, სწრაფი კვების ობიექტის კონცეფციასთან შესაბამისობაში არ არის.

"ყოველდღიურად "წიწილაში" სტაბილურად იყიდება 300-მდე სენდვიჩი და 200-მდე ლანჩი, სააქციო პერიოდში კი ეს რიცხვი ორმაგდება. ზოგჯერ მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ადამიანური რესურსი არ გვყოფნის, რის გამოც ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ერთი, კოსტავას ფილიალისთვის, ეს რაოდენობა მაქსიმუმია.

სწრაფი კვება რესტორნისგან იმით განსხვავდება, რომ სულ გიწევს მენიუს განახლება, რაც საქართველოს პირობებში ძალიან რთულია. პროდუქტები, რომლებიც არის ძალიან გემრიელი და განსხვავებული, საკმაოდ მაღალი ფასი ღირს იქიდან გამომდინარე, რომ აქ არ იწარმოება და ჩამოტანა გიწევს. შემდეგ კერძის ფასი მატულობს. ზოგჯერ ისეთი პროდუქტიც შეგვიქმნია, რომ იყო საკმაოდ გემრიელი, მაგრამ ისეთი ფასი ჰქონდა, რომ არ გვინდოდა ჩვენს მენიუში შესულიყო; არ გვინდოდა, ჩვენს მომხმარებელს შეეკვეთა კერძი, რომელიც 35-40 ლარი ეღირებოდა და ასეთ იდეებზე უარი გვითქვამს. ეს ერთი მიზეზია, რის გამოც არ გვაქვს დიდი არჩევანი. გვიწევს რომ მენიუ სულ განვაახლოთ, რომ ადამიანს არ მობეზრდეს ერთი და იგივე გემო. რესტორანში ადამიანი მიზანმიმართულად მიდის, რომ ჭამოს ქართული კერძი, "წიწილაში" უნდა იყო ძალიან კრეატიული, ეკონომიური და ამ ყველაფრის ფონზე შეინარჩუნო ძალიან მაღალი ხარისხი", - აღნიშნავს მარიამ მარხულია.

ცნობისთვის, "წიწილა" დღეს თბილისში ორი ფილიალით, კოსტავას ქუჩაზე და მთაწმინდის პარკშია წარმოდგენილი. კომპანიას საკუთარი წარმოებაც აქვს, სადაც ორი ობიექტისთვის საჭირო პურ-ფუნთუშეული, სოუსები და სხვა პროდუქცია მზადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები