საქართველოში ზღვის სეზონი აქტიურ ფაზაში გადადის და შავი ზღვისპირეთში მოქმედი განთავსების ობიექტებიც სტუმრების მისაღებად ემზადებიან.
BM.GE დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ზაფხულის სეზონი ურეკში და სასტუმრო Green Hotel-ის დამფუძნებელს, ირინა სტურუას დაუკავშირდა.
ჩვენთან საუბარში სტურუა აღნიშნავს, რომ, სასტუმროში შესაბამისი პირობების ქონის შემთხვევაში, გურიის ამ კურორტზე განთავსების ობიექტთა დატვირთულობა მაღალია.
"ჩვენ, მაგალითად, Booking-ით და AirBnB-ით ვმუშაობთ და კმაყოფილი ვარ. შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულში 80%-იანი დატვირთულობა გვაქვს.
თუ სასტუმროს პირობები კარგი აქვს და სტუმრებს ყველაფერს ნომრის დაუტოვებლად სთავაზობს, მაშინ სასტუმრო მუშაობს და დატვირთულებიც არიან. მაგრამ იმ სასტუმროებს, რომლებსაც ეს ყველაფერი არ აქვთ ხელმისაწვდომი და, მაგალითად, საზიარო აბაზანები აქვთ სტუმრებისთვის, შედარებით უჭირთ მუშაობა. შეიძლება ითქვას, რომ სულ ახლახან დაიწყეს სეზონი", - ამბობს ირინა სტურუა.
Green Hotel-ის მმართველი ასევე აღნიშნავს, რომ სასტუმროში დამსვენებელთა დიდი ნაწილი ევროპის ქვეყნებიდან ჩადის.
"უცხოელები ჩამოდიან ევროპის ქვეყნებიდან. ძირითადად გერმანიიდან არიან, ფრანგებიც გვყავდნენ, თუმცა პროცენტულობით გერმანელები ლიდერობენ", - აღნიშნავს სტურუა.
რაც შეეხება Green Hotel-ში განთავსების ღირებულებას, ის ნომრის კატეგორიების მიხედვით იცვლება და, შარშანდელის შემდეგ, მცირედითაა დაკორექტირებული.
"ფასები ჩვენთან, წინა წელთან შედარებით, ცოტათი გაიზარდა, თუმცა უმნიშვნელოდ. ფასებს რაც შეეხება, სხვადასხვაა, ოთახის ტიპის მიხედვით, საშუალოდ 100 ლარი ჯდება", - ამბობს სტურუა.
Green Hotel Ureki-ის დამფუძნებელს ტურისტების მისაღებად კურორტის მზაობაზეც ვკითხეთ. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ურეკში სანაპირო ზოლი ყოველდღიურად სუფთავდება და ამაში შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" 200-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობს. აღნიშნულ ინფორმაციას ირინა სტურუაც ადასტურებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ კურორტზე ინფრასტრუქტურა კვლავ გაუმართავია: "სანაპიროები ძალიან სუფთავდება, ძალიან. ვერ ვიტყოდი, რომ ტურისტებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოწყობილია, თუმცა სისუფთავე ნამდვილად დაცულია".
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს დაბა ურეკში ახალი ბულვარი მოეწყო, რისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტიდან 3.1 მლნ ლარი დაიხარჯა. სამუშაოები მოიცავდა ბულვარის ცენტრალური შესასვლელის რეკონსტრუქციას, საფეხმავლო ბილიკის, ცენტრალური შესასვლელის მიმდებარედ მთავარი მოედნის, მცირე მოედნის, სველი წერტილების სრულ დემონტაჟს და ახლის მოწყობას.