კატების სასტუმრო "ფისკოს" დამფუძნებელი, ბექა გვალია აცხადებს, რომ სასტუმროზე ზაფხულში მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მიწოდებას ვერ აკმაყოფილებენ.
საოჯახო ბიზნესი 4 წელია ოპერირებს და მომსახურებას მხოლოდ კატებს უწევს. სასტუმრო თბილისში მდებარეობს, 10 სტანდარტულ და 1 VIP ნომერს მოიცავს და ჯამში 26 კატის მასპინძლობა შეუძლია. საოჯახო ბიზნესში ბექა გვალია მეუღლესთან და შვილთან ერთად არის ჩართული, რომლებიც პროფესიით ვეტერინარები არიან. კატების სასტუმროს დამფუძნებელმა BM.GE-სთან ოპერირების თავისებურებებზე ისაუბრა.
"კატები ნომრებში იზოლირებულად არიან განთავსებული, თუმცა როდესაც ერთი ოჯახიდან ორი ან მეტი კატა გვსტუმრობს, სურვილის შემთხვევაში ერთ სივრცეში განთავსებაც შეგვიძლია. ერთ ჯერზე ჯამში 26 ფისოს ვმასპინძლობთ. მომხმარებელმა მხოლოდ საკვები უნდა უზრუნველყოს, ხოლო ქვიშას, საწოლსა და სხვადასხვა ატრიბუტებს ჩვენ ვახვედრებთ. ფისოები იზოლირებულად არიან ნომრებში განთავსებული. დღის განმავლობაში კი, რიგრიგობით გარეთ ვუშვებთ და ვეთამაშებით.
დაარსების დღიდან, ნომრები სულ შევსებული გვაქვს ხოლმე. ზაფხულში მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მიწოდებას ვერ უზრუნველვყოფთ. მიწევს ძალიან ბევრი ადამიანისთვის უარის თქმა, რის გამოც ძალიან მწყდება გული",- აცხადებს სასტუმროს დამფუძნებელი.
გვალიას ცნობით, სასტუმროს ფუნქციონირება საწყის ეტაპზე 6 ნომრით დაიწყო. მოგვიანებით კი, 4 სტანდარტული და 1 VIP ნომერი დაამატა. თუმცა, ობიექტის დამფუძნებლის განმარტებით, სამომავლო პერსპექტივაში გაფართოებას აღარ გეგმავენ, ვინაიდან გაფართოების შემთხვევაში ახალი კადრების დამატება მოუწევთ.