მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაფხულში რამდენიმე საწარმო მუშაობის აღდგენას გეგმავს - ფეროშენადნობთა ასოციაცია

ნუგზარ კევლიშვილი

ფეროშენადნობების დარგში კლების ტენდენცია კვლავ გრძელდება. საქსტატის ცნობით, მარტში დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში კლება დაფიქსირდა, რაც მათ შორის, ფეროშენადნობების წარმოების და ექსპორტის მაჩვენებლების შემცირებას უკავშირდებოდა.

როგორც ფეროშენადნობთა ასოციაციაში აცხადებენ, დარგში კლების ტენდენციის შენარჩუნების მიუხედავად, მომდევნო თვეებში მოლოდინები გაუმჯობესებულია.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნუგზარ კევლიშვილმა BMG-ის განუცხადა, დადებითი მოლოდინებს ქმნის აშშ-ს ბაზარზე ფეროშენადნობებზე გაზრდილი მოთხოვნა და ფასის მცირე ზრდა, ასევე გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ელექტროენერგიაზე ფასის კლების მოლოდინი, რამაც შესაძლოა, ზაფხულის პერიოდში მცირე საწარმოებს ბიძგი მისცეს, წარმოება განაახლონ.

ამასთან, ასოციაციაში ამბობენ, რომ მომდევნო თვეებში ფეროშენადნობების ექსპორტის ზრდაა მოსალოდნელი, რაც მათ შორის

“ფეროშენადნობების დარგში ვითარება სახარბიელო კვლავ არაა, პირველ კვარტალში კლება მოსალოდნელი იყო, რადგან ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანამ მუშაობა მარტში განაახლა, ზამთრის პერიოდში კლება იყო ფასის კუთხითაც. თუმცა უფრო იმედიანად ვართ. სამშენებლო სეზონი მოგვიახლოვდა. მეორე ფაქტორი ისაა, რომ აშშ-ში ფეროშენადნობებზე ფასი იზრდება, ახალი ადმინისტრაციის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო შიდა ბაზარი წახალისდა და შესაბამისად, წარმოება გაიზრდება, რაც ფეროშენადნობებზე მოთხოვნას გაზრდის. ასევე გაზაფხული-ზაფხულის ჭრილში ელექტროენერგიაზე ფასები დაბალია, რაც თვითღირებულებაზე დადებითად აისახება.

ზესტაფონის ქარხანამ ოპერირება განაახლა, ექსპორტის განხორციელება დაიწყო და მომავალ კვარტალში ეს აუცილებლად პოზიტიურად აისახება სტატისტიკაზე და შემდეგ თვეებში ექსპორტი გაიზრდება. მაისიდან იაფი ელექტროენერგია უნდა იყოს ქვეყანაში და როგორც ვიცი, ზაფხულში რამდენიმე მცირე საწარმო ოპერირების განახლებას აპირებს. ფასის მცირე ზრდა უკვე ფიქსირდება, 1200-1250 დოლარია ადგილზე. ეს ის ფასი არაა, რაც საწარმოებს მოგებაზე გაიყვანს, თუმცა თუკი ამას შედარებით იაფი ელექტროენერგია დაემატება, უკვე იქნება ბიძგი, რომ საწარმოებმა მუშაობა განაახლონ”, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.

ცნობისთვის, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 46.1%-ით შემცირდა და 39.1 მლნ დოლარი (38 040 ტონა) შეადგინა.

იანვარ-მარტში სწორედ ფეროშენადნობები იყო ქვეყნის ადგილობრივ ექსპორტში მეხუთე უმსხვილესი სასაქონლო კატეგორია, 6.1%-იანი წილით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები