მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაფხულის პერიოდისთვის 350-ზე მეტი ყოველკვირეული ფრენის განაცხადია შემოსული - მინისტრი

60acc09eafdf8
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.21 15:10
930
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დღეისთვის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანიების მხრიდან 350-ზე მეტი ყოველკვირეული ფრენის განცხადია შემოსული, რაც იმის დასტურია, რომ ქვეყანაში ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე ამის მოლოდინი იყო.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა და დასძინა, რომ ეს მაჩვენებელი პანდემიამდელი მდგომარეობის მაჩვენებლის თითქმის ნახევარია.

"ძალიან სწრაფად გვეზრდება იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომელიც ზრდის ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს ან ახალი კომპანიები გვემატება. ეს ეხება როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ასევე ბათუმის და ქუთაისის განახლებულ აეროპორტებს. დღეის მონაცემებით, ზაფხულში ჩვენ 350-ზე მეტი ყოველკვირეული ფრენის განაცხადი და მოლოდინი გვაქვს, რაც სხვადასხვა ავიაკომპანიიდანაა დადასტურებული. 2019 წელს, როდესაც იყო ტურისტების რეკორდული რაოდენობა, ზაფხულის სეზონზე კვირაში, დაახლოებით, 800 ფრენა სრულდებოდა ანუ ჩავთვალოთ, რომ ამის ნახევარი, 50% ფრენების უკვე გვაქვს. ეს გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე წლის დასაწყისში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კონსერვატიული მოლოდინები იყო. ეს აისახება ეკონომიკაზე, რადგან ტურიზმი დიდი დარგია, რომელიც 2019 წლის მონაცემებით, მშპ-ის 8%-ს შეადგენს და მომიჯნავე დარგებზე დიდ გავლენას ახდენდა“, - განმარტა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები