საქართველოს მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე ირწმუნება, რომ მთის კურორტების მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია და ზამთრის სეზონის გახსნას საფრთხე არ ემუქრება.
საქმე ის არის, რომ მთის კურორტების ბიზნესასოციაციის მტკიცებით, ზამთრის კურორტებზე, კერძოდ, გუდაურში ამ დრომდე არ დაწყებულა სასრიალო ტრასების ქვებისგან გაწმენდა; არ მიმდინარეობს საბაგიროების გამართულობის რევიზია; გაუმართავია ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და ასევე, შესაბამისი პირობები არ აქვთ MTA-ის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ტრასებს სასრიალოდ ამზადებენ. „შეიძლება, წელს საერთოდ ვერ გაიხსნას მთის კურორტები“, - თქვა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ასოციაციის თანადამფუძნებელმა მირანდა ესაკიამ, რომელიც იმითაც არის უკმაყოფილო, რომ MTA-ის მენეჯმენტი, კერძოდ, ირაკლი ბურჭულაძე მთის ბიზნესს არ ხვდება.
თავის მხრივ, MTA-ის დირექტორიც ადასტურებს, რომ მირანდა ესაკიასთან კონტაქტი არ აქვს, მაგრამ ამბობს, რომ მთის კურორტების ბიზნესასოციაციის სხვა თანადამფუძნებელთან, კერძოდ, გიგი თევზაძესთან კომუნიკაცია ჰქონდა. მისივე თქმით, MTA-ის დირექტორის სამი მოადგილე ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდნენ და ელექტრონული ფოსტითაც ჰქონდათ კომუნიკაცია.
- შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ორ კვირაში ისევ შეხვდებოდნენ. ამ კვირის ბოლოს უნდა შეთანხმებულიყვნენ შეხვედრის თარიღზე, სავარაუდოდ, შემდეგ კვირაზე, რადგან მიმდინარე კვირაში საკმაოდ დაკავებული ვიყავით... ეს ადამიანი [მირანდა ესაკია] კი გამოვიდა და რაღაცებს ლაპარაკობს, რაც დიდი ტყუილია, მათ შორის ისიც, რომ თურმე MTA-ის ჩაუცმელი თანამშრომლები ჰყავს...
- დიახ, მთის კურორტების ბიზნესასოციაციაში ამბობენ, რომ რომ MTA-ის თანამშრომლებს, რომლებიც ტრასების ე.წ. "დაუთოებაზე" არიან პასუხისმგებლები, არ აქვთ შესაბამისი ეკიპირება და ასევე, მოსასვენებელი ადგილი...
- [ამის თქმა] არასერიოზულია... მაშველებიდან დაწყებული ტრაქტორისტებით დამთავრებული, ჩაცმულ-დახურულები არიან. ჩვენ 200 თანამშრომელს ზრუნვა არ აკლია... ან ასეთი სიტუაცია თუ არის მთის კურორტებზე, მსოფლიო დონის ღონისძიებებს როგორ ვმასპინძლობთ და ამხელა კმაყოფილება როგორ არის?! მირანდა ესაკია ისეთ საკითხებს ეხება, რაც საერთოდ მისი თემა არაა.
- ზამთრის სეზონისთვის მთის კურორტების მომზადება დაწყებულია? - მთის კურორტების ასოციაციაში არაერთი პრეტენზია აქვთ MTA-ის და ზოგადად, ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...
- გუშინ 4 საათი ვიყავი ეკონომიკის სამინისტროში, სადაც ბევრ თემას გავდიოდით. მთის კურორტებზე გამოწვევები ყოველ წელს არის, მაგრამ იმისთვის ვართ, რომ მოვაგვაროთ, [რაც ჩვენ გვეხება] და შესაბამისმა უწყებებმაც მოაგვარონ... დიახ, გამოწვევები არის, მაგრამ ინფრასტრუქტურის კუთხით, ყველაფერი მოწესრიგებულია. რა იცის მირანდა ესაკიამ ჩვენ რას ვაკეთებთ და რას არ ვაკეთებთ?! ერთი ძველი [საძელეს] საბაგირო თუ გაჩერებულია, შვიდი წელია ეგ საბაგირო გაჩერებულია - 2018 წელს ხომ გახსოვთ რამხელა პრობლემა იყო... 52 საბაგიროს ვამუშავებთ ტექნიკურად გამართულად და ახლა ერთ საბაგიროს ნუ გადააყოლებენ [ყველაფერს]. ქვეყანა იმდენ რესურსს ხარჯავს [მთის კურორტებზე] - ბაკურიანის ჩემპიონატისთვის იმხელა ინფრასტრუქტურა შექმნა, გუდაურში ორი საბაგირო დავდგით, რომელიც 60 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა და ასე შემდეგ... კერძო სექტორსაც დიდ კონტრიბუციას ვუკეთებთ. ამდენად, სიმართლე არაა, რომ ჩვენ არ გვაქვს [ბიზნესთან] კომუნიკაცია - გვაქვს და ამის კორესპონდენციაც არსებობს. ჩემი სამი მოადგილეც ესაუბრება ბიზნესასოციაციას. ოთხ კურორტს ვხელმძღვანელობ და არაა
- მთის კურორტების ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია? ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გვიანდება...
- არანაირი დაგვიანება არ არის, ყველაფერი არის წესრიგში. [კურორტის მოსამზადებელი] პროცესი მიმდინარეობს, რათა სეზონს მაქსიმალურად გამართულები შევხვდეთ. ზამთრის სეზონის გახსნამდე ორ თვე ნახევარი არის დარჩენილი... გამოწვევები, რა თქმა უნდა, ყველა სეზონზე რჩებოდა, მაგრამ ეს გამოწვევები იყო მინიმუმამდე დაყვანილი.
- თქვენი აზრით, რა არის საქართველოს ზამთრის კურორტების მთავარი გამოწვევა?
- ჩვენი კურორტების მთავარი გამოწვევა არის უთოვლობა... ბოლო წლებმა აჩვენა, რომ თოვლი არ მოდის. მაქსიმალურად ვცდილობთ [ტრასების გათოვლიანებას]. მაგალითად, ბაკურიანში 29 კილომეტრის გათოვლიანების სისტემა დავაყენეთ. ვმუშაობთ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში გავათოვლიანოთ გუდაური. თოვლის საფარი თუ არ იქნა, რა უნდა გააკეთო?! ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან, რომ როგორც აქამდე, მომავალ წლებშიც გაგრძელდეს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.




























