ყაზბეგში მდებარე სასტუმრო Alpine Lounge Hotel & Restaurant-ის მენეჯერი, დიანა მარქარაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ზამთრის პერიოდი ყაზბეგისთვის ძალიან რთულია.
მისი ინფორმაციით, ყაზბეგამდე მისასვლელი გზა ზვავსაშიშია, შესაბამისად ზამთრის პერიოდში, როდესაც თოვლი მოდის, გზები დიდი ხნის განმავლობაში იკეტება და ხშირად, სასტუმროში ჯავშნებიც უქმდება.
"ყაზბეგში სეზონი მაისიდან იწყება, მაგრამ გასულ წელს სეზონი ივლისის შუა თვიდან დაიწყო, რაც სავარაუდოდ გარემო ფაქტორებითა და ომით იყო განპირობებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი, მომხმარებლისთვის ისეთი ტარიფების შეთავაზება იყო, რომელიც ქართულ სტუმრებზეც იქნებოდა მორგებული. ვფიქრობ, ამ მიზეზით, ობიექტმა გასულ წელს ძალიან ბევრ ქართველ სტუმარს უმასპინძლა. რაც შეეხება წლევანდელ წელს, ამ დროისათვის, სასტუმროს დატვირთულობა 20 %-ია. აპრილიდან, ერთი ღამით განთავსების ღირებულება 150 - 350 ლარის ფარგლებში მერყეობს. ფასის ცვლილება კი მათ მოთხოვნაზეა დამოკიდებული. ზაფხულის ჯავშნები მაისიდან მოყოლებული უკვე გვაქვს, კერძოდ ევროპული ქვეყნებიდან. ასევე, ამ ბოლო დროს, აზიაც ჭარბობს, კერძოდ ტაილანდი და სამხრეთ კორეა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობს და გზაც გასაკეთებელია. შესაბამისად, ჯავშნებიც ძალიან ხშირად გვიუქმდება ხოლმე. ყაზბეგამდე მიმსასვლელი გზა ზვავსაშიშია, შესაბამისად ზამთრის პერიოდში გზა ძალიან ხშირად იკეტება. გონდოლებიც ვერ ასწრებდნენ გადაადგილებას. ამიტომ, ძალიან ბევრი სტუმარი დავკარგეთ,“-განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა.
მისივე ცნობით, სახელმწიფო სტრუქტურებთან უშუალო კომუნიკაცია არ ჰქონიათ, თუმცა გზის ჩაკეტვის პერიოდში, სტუმრებს გონდოლები უფასოდ ემსახურება ხოლმე, რაც მათი მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯი შეიძლება იყოს.
რაც შეეხება მიმდინარე წლის გეგმებს, ტურისტული ობიექტი უნივერსიტეტებთან მემორანდუმის გაფორმებას გეგმავს, რათა სტუდენტებს ტურისზმისა და მასპიძნლობის სექტორში ცოდნა გაუზიაროს. ჯერჯერობით პირობები დაზუსტებული არ არის, თუმცა შეხვედრის შემდეგ ყველა დეტალი დაზუსტდება.
ინფორმაციითვის, Alpine Lounge Hotel & Restaurant ყაზბეგში 2019 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს გარდა განთავსებისა, ტრადიციულ და არატრადიციულ კერძებს, ამასთან ღვინოების ნაირსახეობას, მათ შორის ქვევრის ღვინოებს სთავაზობს. სასტუმროში ჯამში 18 ნომერია და მასში 40-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. რაც შეეხება რესტორანსა და ტერასას, მასში 50 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ტურისტულ ობიექტშო დაახლოებით 10 ადამიანია დასაქმებული.