ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ზვიად ჩხარტიშვილი ამბობს, რომ "ზანგეზურის დერეფნის" ამოქმედების შემთხვევაში შუა დერეფნიდან ტვირთების დიდი ნაწილი შესაძლოა გადამისამართდეს.
„ზანგეზურის დერეფანი“ არის გზა, რომლითაც სომხეთის სიუნიქის პროვინცია დააკავშირებს აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან.
"ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ იგივე აქტორები არიან ჩართული, რომლებზეც შუა დერეფანია დამოკიდებული. ვგულისხმობ აზერბაიჯანსა და თურქეთს. აქ შეერთებულ შტატებს შეიძლება უფრო პოლიტიკური გავლენა ჰქონდეს. შუა დერეფანს ასევე აქვს რამდენიმე მიმართულება. იცით, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი ხორციელდება, ეს პროექტი წლებია გაჭიანურებულია. ახლა შუა დერეფანი შესაძლოა ვერ ვითარდება ისეთი ტემპით, რა ტემპებითაც უნდა ვითარდებოდეს, თუმცა წლიდან წლამდე მაინც ვითარდება. თუ გადავხედავთ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ზანგეზურის დერეფნის რეალურმა განხორციელებამ, საკმაოდ დიდი ნაკადი შეიძლება გადამისამართდეს, რადგან იგივე აქტორები არიან ჩართულები და თუ იქ ინვესტიცია ჩაიდება, რა თქმა უნდა, ტვირთი გადანაწილდება", - ამბობს ჩხარტიშვილი.
აშშ-ის სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა რვა აგვისტოს ხელი მოაწერეს შეთანხმებებს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით.
"საწყის ეტაპზე, ჩემი აზრით, უფრო გენერალურ ტვირთებზე იქნება საუბარი. რაც შეეხება კონტეინერებს, საბოლოო ჯამში, თუ ის დერეფანი შეიძენს უკვე აქტუალურობას და ტრანზიტული დრო შემცირდება, ტრანზიტული დრო საზღვაო ხაზებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში კონტეინერიც გადამისამართდეს. ანუ სერიოზულად ყურადსაღებია ეს საკითხი", - ამბობს ჩხარტიშვილი.




























