ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული სატრანზიტო კორიდორის, ზანგეზურის განვითარების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. საუბარია აზერბაიჯანსა და მის ექსკლავს, ნახიჩევანს შორის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, რომელიც სომხეთის სოფელ სიუნიქზე გადის.
ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის დადებული გარიგების ხელმოწერა ხვალ, 8 აგვისტოს, თეთრ სახლში ჩანიშნულ შეხვედრაზე იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტს “კონკრეტული გზა მშვიდობისკენ” ეწოდება. ზანგეზურის კორიდორს კი “საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტი” (Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP) დაერქმევა. აღსანიშნავია, რომ კორიდორი სომხეთის იურისდიქციაში დარჩება, თუმცა მას ამერიკული კონსორციუმი გააკონტროლებს.
სამშვიდობო ნაბიჯების გადადგმის ფარგლებში, დაიშლება მინსკის ჯგუფიც, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმდინარეობისას დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიპლომატიურ პლატფორმად გამოიყენებოდა. ამერიკული მხარე მოელის, რომ კორიდორის კონსორციუმის ხელში გადასვლა რეგიონში სტაბილურობას მოიტანს.




























