მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზარალის დათვლას დიდი აზრი არ აქვს“ – City Mall

5ffc62950c4bf
ვიქტორია მღებრიშვილი
17.01.21 15:17
1485
სავაჭრო ცენტრები 18 იანვარს გახსნისთვის ემზადებოდნენ, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებამ მათი გეგმები შეცვალა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა გასულ კვირას ბრიფინგზე განაცხადა, 1 თებერვლამდე ახალი წესები და რეგულაციები შემუშავდება და ამას კერძო სექტორთან ერთად განიხილავენ.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას „სითი მოლის“ დირექტორმა ლევან მესხელმა განაცხადა, მოლოდინი ჰქონდათ, რომ 18 იანვრიდან გაიხსნებოდნენ.

„გვეუბნებოდნენ რომ თუ ეპიდვითარება დასტაბილურდებოდა გაგვხსნიდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ჩვენთვის მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან წინასაახალწლო პერიოდში პროცესები კარგად იმართა და ყველანი ველოდით, რომ იანვრიდან გახსნას შევძლებდით“, - განაცხადა ლევან მესხელმა.

მისი თქმით, წინასაახალწლო ვაჭრობის დაშვებამ საცალო გაყიდვების ბრენდებს დანაკარგების შემცირების შესაძლებლობა მისცათ, შეზღუდვების გახანგრძლივება კი სექტორისთვის მძიმე იქნება.

„სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირებენ რითეილის შესაბამისად. საცალო გაყიდვის ბრენდები უნდა იყვნენ ბაზარზე, იმისთვის, რომ სავაჭრო ცენტრები აქტუალური იყოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ბრენდებს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ. ფაქტორივად სუბსიდირებასაც ვახდენთ, ისევ ჩვენ ვიღებთ სესხს, რადგან მათ სესხის აღების რესურსიც აღარ აქვთ; იჯარის ტრანსფორმაციას ვუკეთებთ იმისთვის, რომ მათ ახალი კოლექცია ჩამოიტანონ; ისედაც შემცირებულ იჯარას არ ვახდევინებთ და ვუნაწილებთ.

ჩვენი გახსნის ძირითადი მიზანი ის იყო, რომ ბრენდები გადარჩენილიყვნენ. ახლაც რაც უფრო ადრე გაგვხსნიან, მით ნაკლები დანაკარგი ექნება სექტორს და ბრენდები ბაზარზე შენარჩუნდებიან“, - განმარტა „სითი მოლის“ დირექტორმა.

კითხვაზე - რა ზარალს ითვლის „სითი მოლი“, ლევან მესხელი პასუხობს, რომ პირველი ლოქდაუნის შემდეგ სავაჭრო ცენტრის ხარჯი გაიზარდა, შემოსავალი კი მნიშვნელოვნად შემცირდა.

„პირველი ლოქდაუნისა და მის შემდეგ ფაქტობრივად ნახევარი წელი არ გვიმუშავია და ამ პერიოდში ჩვენი მეიჯარეებისგან იჯარის გადასახადი არ აგვიღია; მეორე ნახევარი წელი კი გაზრდილი ხარჯების პარალელურად, იჯარის გადასახადი შევამცირეთ. ზარალის დათვლასაც დიდი აზრი არ აქვს, თან იმ პირობებში როდესაც „სითი მოლის“ გაფართოების პროექტი ახალი დასრულებულია

გვესმის, რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და ვიცით, რომ ახალი კომპანიები ბაზარზე არ შემოვლენ და ოფისებსაც ვერ იქირავებენ. ისიც აღსანიშნავია, რომ სითი მოლში მოვაწყეთ ბავშვთა გასართობი ცენტრი, რომელშიც დიდი ინვესტიცია ჩავდეთ და არსებული მდგომარეობისა და რეგულაციების გამო ჯერ ვერ ავამუშავეთ. კარგი იქნებოდა, ვინმე დაგვხმარებოდა, თუმცა თუ ამის საშუალება არ არის, ესეც გვესმის“, - განაცხადა ლევან მესხელმა და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ სექტორი მხოლოდ იმას ითხოვს, რომ დარგი დროულად გაიხსნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები