საქართველო კვლავ ტვირთების ერთადერთი ალტერნატიული გზა ხდება, თუმცა ეს პროცესი მომსახურების გაძვირების ხარჯზე მიმდინარეობს - ამის შესახებ BMG-სთან ლოგისტიკური კომპანია „სოფმარ საქართველოს“ დირექტორი ვახტანგ ალანია საუბრობს.
მისი განმარტებით, ლოგისტიკური კომპანიებისთვის მთავარი დარტყმა საწვავის ღირებულების მატება აღმოჩნდა. ვახტანგ ალანიას თქმით, ფასების ცვლილება იმდენად სწრაფია, რომ კომპანიებს ტარიფების გადახედვა დაუყოვნებლივ უწევთ.
„ზარალზე ხომ არ ვიმუშავებთ? ამიტომ ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენც გავზარდოთ ფასი. შევატყობინეთ კლიენტებს, ვეუბნებით, რომ ასეა. ყველას ესმის ეს, ბუნებრივია - მანქანაში რომ ასხამ საწვავს, იქაც გაზრდილია ფასი და იგივე მანქანით ვეზიდებით ჩვენ - თურქეთშიც, აზერბაიჯანშიც, შუა აზიაშიც. ამიტომ ფასები იზრდება“ - ამბობს ვახტანგ ალანია BMG-სთან და აღნიშნავს, რომ საწვავის ფასი საქართველოში ბოლო დღეებში, დაახლოებით, 40 თეთრით გაიზარდა, რაც პირდაპირ აისახება გადაზიდვის თვითღირებულებაზე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანის გავლით ტრანზიტი ფასის თვალსაზრისით ბევრად მოგებიანი იყო, დღეს ეს გზა უსაფრთხოების რისკების გამო პრაქტიკულად გაუქმებულია. ეს კი ავტომატურად ზრდის დატვირთვას საქართველოს პორტებსა და სახმელეთო მაგისტრალებზე.
„ჩვენს გზასთან შედარებით, ირანის გავლით გადაზიდვა 30-40%-ით უფრო ნაკლები ჯდებოდა. ამით სარგებლობდა აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქმენეთი. ახლა ეს გზა დროებით შეზღუდულია და ალბათ, საერთოდ გაუქმებულიც, სანამ იქ ვითარება არ დაწყნარდება. ბუნებრივია, ის ტვირთი, რაც მიდიოდა ირანში, წამოვა ჩვენთან, სხვა გზა არ არსებობს“ - განმარტავს ალანია.
მისი პროგნოზით, ამ ცვლილებების გამო ფოთის პორტის დატვირთვა საგრძნობლად მოიმატებს, რადგან ტვირთების ნაკადი, რომელიც ადრე სამხრეთის მარშრუტებს ირჩევდა, ახლა შუა დერეფანში გადმოინაცვლებს.
ამასთან, ვახტანგ ალანიას თქმით, კონფლიქტები არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ გადაზიდვებზეც ახდენს გავლენას. განსაკუთრებით საგრძნობია ფასების მატება ჩინეთიდან მომავალ საკონტეინერო ხაზებზე, სადაც საწვავთან ერთად სადაზღვევო რისკებიც გაიზარდა.
„გაიზარდა არა მარტო ირანის გამო ფასი... გაიზარდა გადაზიდვის ღირებულება იმ დიდ საკონტეინერო გემებზეც, რაც ჩინეთიდან მოდის სტამბოლში და მერე ევროპის მიმართულებით. იქ ვითარება საკმაოდ გართულდა, გაიზარდა სადაზღვევო ღირებულებაც. ამიტომ, ფასები მოიმატებს საკონტეინერო გადაზიდვებზე ჩინეთიდან ძირითადად ჩვენი მიმართულებითაც.“




























