მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Zarbazani Cosmetics-ი ჩინეთში ექსპორტისთვის ემზადება

ზარბაზანი

ღვინის კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანია Zarbazani Cosmetics, საექსპორტო მოლაპარაკებებს ჩინეთთან აწარმოებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ალექსანდრე ბოლქვაძემ BM.GE-სთან განაცხადა.

მისი განმარტებით, ნიმუშები 4 თვის წინ გაგზავნეს, რასაც დადებითი შეფასება მოჰყვა. ახლა მოლაპარაკებები ეტიკეტის შესახებაა, რათა მაქსიმალურად მიმზიდველი იყოს ჩინელი მომხმარებლისთვის. ამის შემდეგ კი პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტზე გატანის ეტაპზე გადავლენ.

„ახლა სერიოზული მოლაპარაკებები მიდის ჩინეთის ბაზართან. ჩვენ დიზაინთან და ხარისხთან არანაირი პრობლემა არ არის. ძირითადი პრობლემა ანოტაციაა, ანუ ეტიკეტზე დასატანი ინფორმაცია. თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს, რომ ჩინეთის ბაზარზე იყოს მორგებული და ჩინელმა მომხმარებელმა კარგად გაითავისოს. აი სწორედ ამაზე მიდის მოლაპარაკებები, რის შემდეგაც დაიწყება პროდუქციის დამზადება და ექსპორტი.

ვფიქრობთ, რომ ჩინეთში ექსპორტის შედეგად, წარმოება 1 წელიწადში გაორმაგდება“, - აცხადებს ალექსანდრე ბოლქვაძე.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ამჟამად კომპანიაში 10 ადამიანია დასაქმებული, თუმცა წარმოების ზრდასთან ერთად, კადრების დამატებაც იგეგმება.

რაც შეეხება ევროპულ ბაზარზე გასვლას, ბოლქვაძე აღნიშნავს რომ მათთვის ევროპული ბაზარი ძალიან ადრეა, რადგან ის არის უკიდურესად მაღალ რეგულირებადია.

Zarbazani Cosmetics ღვინის კოსმეტიკის საწარმოა, რომელშიც 0,5 მილიონი ლარის ინვესტიციით 2021 წლის ნოემბერში ამოქმედდა. კომპანია ღვინისაგან ისეთ პროდუქციას ამზადებს, როგორიცაა: შამპუნი, შხაპის გელი, სამასაჟე ზეთი, თხევადი და მყარი საპონი და სხვა ჰიგიენის საშუალებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები