მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Zarbazani Wine & Beauty - ₾0.5 მილიონის ინვესტიციით წავკისში ღვინის პარფიუმის საწარმო ამოქმედდა

61b1f0a3059eb
ვიქტორია მღებრიშვილი
18.12.21 22:47
1242
ღვინის მწარმოებელმა კომპანია Zarbazani Wine & Beauty-მ წავკისში, 0.5 მლნ ლარის ინვესტიციით, ნოემბრიდან ღვინის კოსმეტიკის ადგილობრივი წარმოება ამოქმედდა. შამპუნი, კონდინციონერი, შხაპის გელი, თხევადი და მყარი საპონი, სამასაჟე ზეთი - დღეისთვის კომპანია 5 დასახელების 100%-ით ნატურალური ღვინის პროდუქტების გამოყენებით ამზადებს და მის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

BM.GE-სთან საუბრისას Zarbazani Wine & Beauty-ს მმართველი პარტნიორი ნანა დავითაძე ამბობს, რომ საწარმო სატესტო რეჟიმში ჯერ კიდევ ზაფხულიდან მოქმედებდა, რა დროსაც თავის მოვლის საშუალებების სხვადასხვა შემადგენლობებზე მიდიოდა მუშაობა.

„კომპანია „ზარბაზანი“ ადგილობრივ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და ღვინოს აწარმოებს. მიმდინარე წლის ზაფხულიდან ღვინის კოსმეტიკის წარმოება დავიწყეთ. მთავარი ჩვენი დადებითი მხარე ის არის, რომ ვფიქრობთ, ნოვატორული იდეაა, ქართული წარმოებაა, 100%-ით ნატურალური პროდუქტია და ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს.
შამპუნებისა და ტანის მოვლის საშუალებების ბაზა ინგლისიდან ჩამოგვაქვს - ეს ორგანული სერტიფიცირებული მასალაა და ჩვენი ქართველი ტექნოლოგები ღვინოს, ყურძნის წიბწის ზეთს, ნატურალურ არომატიზატორებს უმატებენ. შედეგად, ღვინის კოსმეტიკას ვიღებთ, რომელიც თავისი დადებითი თვისებებით აჯანსაღებს კანსა და თმას.

პროდუქტის სატესტო წარმოება ზაფხულიდან დავიწყეთ და ამ პერიოდიდან დაიწყო მუშაობა მის დიზაინზეც, რომელიც ვერსალის ქართველმა კურსდამთავრებულმა შეიმუშავა. დღეისთვის 4 ღვინის ხაზს ვაწარმოებთ - საფერავის, რქაწითელის, ოჯალეშისა და ხვანჭკარას შხაპის გელს, კონდინციონერებს, შამპუნებს, მყარი, ასევე თხევადი საპონს და წიბწის ზეთს, რომელიც 250 მლ-იან შეფუთვებში ისხმევა“, - განმარტავს ნანა დავითაძე.

წავკისში მოქმედი საწარმო დღეისთვის 10 ადამიანს ასაქმებს. პირველი ეტაპისთვის კომპანიამ უკვე 5 000 ბოთლი ღვინის კოსმეტიკა აწარმოა და რეალიზაციაში ადგილობრივ ბაზარზე ჩაუშვა.

„ამ ეტაპზე Zarbazani Wine & Beauty უკვე ათონელის ქუჩაზე ჩვენს ბრენდულ მაღაზიაში, ასევე ღვინის მაღაზიებში - „ღვინის ბიბლიოთეკაში“, „მეიდან ბაზარში“, „ბრენდ ვაინში“ და ასევე ელექტრონული კომერციის გვერდის - Extra.ge-ზე იყიდება. ამასთან, ქსელურ მაღაზიებთან მოლაპარაკებების სტადიაში ვართ და შეთანხმების მიღწევისთანავე დიდ ქსელებშიც შევა“, - აღნიშნა კომპანიის მმართველმა პარტნიორმა.

ნანა დავითაძე აღნიშნავს, რომ ბიზნესის წარმოების დაწყების ინსპირაცია ფრანგული ღვინის კოსმეტიკა იყო და ამ იდეით დაწყებული ბიზნესი მომავალში ქართული ღვინის კოსმეტიკის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

„რადგან საქართველო ღვინის აკვანია, ვიფიქრეთ, ღვინო მხოლოდ დასალევად არ უნდა გამოგვეყენებინა და მისი სხვა თვისებებიც უნდა აგვეთვისებინა. ჩვენი ღვინო იმსახურებს, რომ მისგან წარმოებული კოსმეტიკა ქართულ და უცხოურ ბაზრებზე დამკვიდრდეს. უახლოს მომავალში ექსპორტზე გატანასაც ვგეგმავთ, მოლაპარაკებები გვაქვს კონკრეტულ ქვეყნებთან, თუმცა ეს შედარებით გრძელვადიანი გეგმის ნაწილია“, - აღნიშნა დავითაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები