აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული 2-კვირიანი ზავის ფონზე, Goldman Sachs-მა ნავთობის ფასის მოკლევადიანი პროგნოზები დააკორექტირა.
საინვესტიციო ბანკმა 2026 წლის მეორე კვარტლისთვის Brent-ის მარკის ნავთობის ფასის პროგნოზი $99-დან $90-მდე შეამცირა, ხოლო WTI-ის ტიპის ნავთობის მოლოდინი $91-დან $87-მდე დააკორექტირა.
Goldman-ის განმარტებით, ფასების კლება გეოპოლიტიკური რისკ-პრემიუმის შემცირებასა და ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადების აღდგენის პირველ ნიშნებს უკავშირდება.
მიუხედავად ცვლილებისა, ბანკის ანალიტიკოსებმა მესამე და მეოთხე კვარტლის პროგნოზები უცვლელად დატოვეს. უფრო კონკრეტულად, Brent-ის ფასი მესამე კვარტალში $82, ხოლო მეოთხეში $80 იქნება.
ამასთან, Goldman Sachs-მა წარადგინა ნეგატიური სცენარიც: თუ ზავი დაირღვევა და ახლო აღმოსავლეთში ნავთობის წარმოება დღეში 2 მილიონი ბარელით შემცირდება, Brent-ის ფასმა შესაძლოა $115-ს მიაღწიოს. იმ შემთხვევაში კი, თუ ჰორმუზის სრუტე კიდევ ერთი თვის განმავლობაში ჩაკეტილი დარჩება, ფასი $120-მდე გაიზრდება.




























