მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზავის მიუხედავად, ირანმა ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტა

ჰორმუზი

ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა, რაც ისრაელის არმიის მიერ ლიბანში ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰეზბოლას" წინააღმდეგ განხორციელებულ მასიურ შეტევებს მოჰყვა -ამის შესახებ ირანული სახელმწიფო მედია Fars-ი იუწყება.

გემების მონიტორინგის სერვისის, MarineTraffic-ის ინფორმაციით, სრუტის გავლა მხოლოდ ორმა ტანკერმა მოახერხა: ბერძნული მფლობელობის ქვეშ მყოფმა გემმა NJ Earth და ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა Daytona Beach-მა. ისინი პირველი ხომალდები აღმოჩნდნენ, რომლებმაც აშშ-სა და ირანს შორის დროებითი ზავის გამოცხადების შემდეგ, ეს გზა გაიარეს.

სრუტის ჩაკეტვა ემთხვევა ოთხშაბათს ღამით ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მიერ ლიბანზე განხორციელებულ დარტყმებს, რის შედეგადაც, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ასობით ადამიანი დაშავდა.

როდესაც თეთრი სახლის პრესმდივანს, კაროლინ ლევიტს ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-ის ცნობის შესახებ ჰკითხეს, მან ამ ინფორმაციას "სიცრუე" უწოდა.

"სანამ ტრიბუნასთან მოვიდოდი, პრეზიდენტს უკვე ეცნობა ამის შესახებ. ეს სრულიად მიუღებელია და კვლავ იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც მათი საჯარო განცხადებები განსხვავდება პირად საუბრებში ნათქვამისგან. დღეს ჩვენ სრუტეში ტრაფიკის ზრდა დავაფიქსირეთ", - განუცხადა ლევიტმა ჟურნალისტებს.

პრეზიდენტმა ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა და საომარი მოქმედებები შეაჩერა. მანამდე მან გააფრთხილა თეირანი, რომ ჰორმუზის სრუტის გაუხსნელობის შემთხვევაში, მის წინააღმდეგ დამანგრეველი შეტევის განხორციელებას დაუშვებდა.

"ირან-აშშ-ის ცეცხლის შეწყვეტის პირობები ნათელი და ცალსახაა: აშშ-მა უნდა აირჩიოს - ცეცხლის შეწყვეტა ან ომის გაგრძელება ისრაელის მეშვეობით. ორივე ერთად შეუძლებელია," - დაწერა ოთხშაბათს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სეიედ აბას არაღჩიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ოთხშაბათს სპარსეთის ყურეში აშშ-ის სულ მცირე ორმა მოკავშირემ განაცხადა, რომ ირანის სამიზნე გახდა. საუდის არაბეთის ცნობით, მათ ცხრა ირანული დრონი ჩამოაგდეს. ლევიტმა განმარტა, რომ ლიბანი აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი არ არის.

აშშ-მა, ისრაელმა და ირანმა ორკვირიანი ზავი დადეს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები