მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაზა ფაჩულია: ზუსტად ეს მაკლია ქართველი ბიზნესმენებისგან

5eee2d9c5688c
თელარა გელანტია
21.06.20 00:00
5561
ცნობილ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას ქართველ ბიზნესმენებში გამორჩეულ პერსონად ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიაჩნია.

„ბევრი წარმატებული ბიზნესმენი გვყავს საქართველოში, მაგრამ ყველაზე ხშირად მხვდება თემურ ჭყონიასთან ინტერვიუები; ის არ ერიდება საუბარს. ეს მომწონს“, - თქვა ფაჩულიამ #ForbesTalks-ში.

გადაცემის წამყვანი გიორგი ისაკაძე დაინტერესდა - რა წარმოდგენისაა ცნობილი კალათბურთელი და ახლა უკვე ბიზნესმენი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ქართველ ბიზნესმენებზე.

ზაზა ფაჩულია ამბობს, რომ როცა საქართველოში ჩამოდის, ხშირად უჩნდება სურვილი გაიცნოს ქართველი ბიზნესმენები, ვისაც არ იცნობს და მოუსმინოს მათ. არ მოსწონს ის, რომ განსხვავებით მსოფლიოში ცნობილი ბიზნემენებისგან, ქართველებზე ნაკლებ ინფორმაციას ხვდება. „ზუსტად ეს მაკლია ქართველი ბიზნესმენებისგან“, - ყვება სპორტსმენი.

„საქართველოში წარმატებული ბიზნესმენები არიან. რამდენიმესთან შეხვედრის და გაცნობის პრივილეგიაც მქონია, როცა ზაფხულში ჩამოვდივარ ხოლმე; ყოფილა შემთხვევები, როცა საერთო ნაცნობისთვის მითხოვია და ასე დავკავშირებივარ ზოგიერთ ბიზნესმენს... მართალი გითხრათ, ჩემთვის სასიამოვნო და საინტერესო იყო მსგავსი შეხვედრები და საუბრები... მე მათთან მივდიოდი კითხვებით - მაინტერესებდა მათი მიდგომები, ხედვები, მართვის სტილი, ქართული ბიზნესის კეთების შედარება უცხოურთან... ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემი ასეთი სურვილით, გაკვირვებულები დარჩენილან, რადგან რაღაცნაირად შეხვედრის მოთხოვნა ასოცირდება იმასთან, რომ რაღაც უნდა უნდოდეს ადამიანს, არადა, უბრალოდ საუბარი, მათი აზრების მოსმენა ძალიან საინტერესოა - რატომ არიან წარმატებულები, რას აქცევენ ყურადღებას, რა ღირებულებებია მათთვის მნიშვნელოვანი, როგორი მენეჯერები არიან და ა.შ. ეს მაკლია საქართველოში ქართველი ბიზნესმენებისგან“, - ამბობს ზაზა ფაჩულია და იქვე აღნიშნავს, რომ აშშ-ში, სადაც უკვე 17 წელია მოღვაწეობს, ამ კუთხით „ფუფუნებაშია“.

„აშშ-ში ეს პრობლემა არაა... ჩაწერ „იუთუბში“ და მოისმენ რას ფიქრობს უორენ ბაფეტი ინვესტიციებზე, მოუსმენ ჯეკ მას სამოტივაციო ვიდეოებს ან ილონ მასკის საინტერესო ინტერვიუებს... მიიღებ მათგან რჩევებს. ეს ხომ სასარგებლოა“, - ყვება ფაჩულია #ForbesTalks-ში.

ამ თემაზე საუბრისას სპორტსმენმა გაიხსენა #ForbesTalks-ის ერთ-ერთი სტუმარი დავით იაკობაშვილი, რომელიც მისი შეფასებით, ძალიან საინტერესო იყო.

„ზუსტად ეს მაკლია ქართველი ბიზნესმენებისგან და იმედი მაქვს, ისინი უფრო გაიხსნებიან. უფრო გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ახალგაზრდა, დამწყებ ბიზნესმენებს... შეიძლება, ერთმა პატარა დეტალმა შეცვალოს შენი ცხოვრება. რაც უფრო ხშირად გავუზიარებთ ერთმანეთს წარმატების ისტორიებს, მით უფრო კარგი იქნება. თვითონ საზოგადოების მხრიდან კი, იმედი მაქვს, ეს გაზიარება არ იქნება ზიზღის და შურის გამომწვევი, არამედ - პირიქით უნდა იყოს. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ კარიერაში წინ წავიდეთ, ჩვენი ქვეყანა განვავითაროთ და ვიყოთ წარმატებულიები“, - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები