ლონდონის სასამართლოში მიმდინარე პროცესებში, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილსა და მასთან დაკავშირებულ პირებს - ვანო ჩხარტიშვილსა და ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს კორუფციასა და გამოძალვაში. ოქუაშვილის მტკიცებით, ივანიშვილმა მისი კომპანიები მიზანმიმართულად დააზარალა, რაც მისი პოლიტიკური გავლენის გამოყენებით განხორციელდა. Bloomberg-ის სტატიის თანახმად, დავაში ოქუაშვილი 50 მილიონ დოლარს ითხოვს დაკარგული მოგებისა და იურიდიული ხარჯებისთვის.
დავა ორ პარალელურ პროცესს მოიცავს, სადაც მოსარჩელე მხარეებია ზაზა ოქუაშვილი, Velsan Trading Corporation და Olympus Ltd, ხოლო მოპასუხეებს წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილი, ოთარ ფარცხალაძე, ლევან ყიფიანი, TBC Bank Group PLC და JSC TBC Bank. მეორე პროცესში დამატებით მოპასუხეებად მოიაზრებიან JSC Tbilisi Tobacco, ირაკლი ჩუბინიშვილი და ივანე ჩხარტიშვილი.
Bloomberg-ის თანახმად ივანიშვილის იურისტები ბრალდებებს "არათანმიმდევრულსა და უაზროს" უწოდებენ.
ბრალდებების მიხედვით, ოქუაშვილის კომპანიებზე განხორციელდა ზეწოლა, მუქარა და ფინანსური ყადაღა, რასაც ის "ეკონომიკურ განადგურებად" აფასებს. აღნიშნული პროცესი კიდევ ერთი სასამართლო ბრძოლაა, რომელიც ივანიშვილს საერთაშორისო მასშტაბით უწევს.
გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, 27 იანვარს მოსამართლე იასონ რაჯაჰის გადაწყვეტილებით, ოქუაშვილს მხრიდან ახალი მტკიცებულებების წარდგენა დაგვიანებული ვადების გამო არ დაუშვეს. მოსარჩელე მხარეს სურდა ახალი ექსპერტული დასკვნისა და მოწმეთა ჩვენებების წარდგენა, თუმცა ეს დადგენილი სასამართლოს გრაფიკის დარღვევად ჩაითვალა.
როგორც ცნობილია ზაზა ოქუაშვილი, როგორც ბრიტანეთის მოქალაქე და ბრიტანელი ინვესტორი 2019 წლიდან ჩართულია საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მისი ბიზნეს ჰოლდინგის, ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდება.




























