მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზედმეტად არავის საქმეში ვერევი“ - ვინ უნდა შეაჩეროს მესტიაში "არალეგალური მაინინგი"

61c9dad02c11a
თელარა გელანტია
27.12.21 19:33
2030
„ჩვენ ნამდვილად გვემუქრება მესტიის მუნიციპალიტეტის სრული ჩაბნელების საფრთხე, რისი თანმდევი პროცესიც, არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო დისკომფორტი, არამედ ტურისტული სეზონის ჩავარდნა იქნება. პანდემიის პერიოდში, ისედაც შემცირებული ტურისტული ნაკადების ფონზე, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. დასამალი არ არის, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის მთავარი მიზეზი ე.წ. მაინერების მომრავლებაა. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფოორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სრული მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჭიროა 7 მეგავატი ელექტროენერგია. ამის ფონზე კი დღეს მესტიის მუნიციპალიტეტი მოიხმარს 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას, საყურადღებოა ისიც, რომ გასული წლების მონაცემებთან შედარებით დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი“, - ეს არის ამონარიდი გასულ კვირას მესტიის მერიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან, რომლითაც მესტიის მთავრობამ ადგილობრივ მოსახლეობას კრიპტოვალუტების ე.წ. მაინერების გამორთვისკენ მოუწოდა.

მესტიაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა დანარჩენ სამთო-სათხილამურო კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონი 25 დეკემბერს გაიხსნა, მაგრამ ამ დრომდე გაჩერებულია ჰაწვალის და თეთნულდის საბაგიროები. მიზეზი არასტაბილური ელექტრომომარაგებაა.

შემცირდა თუ არა მაინინგი საჯარო განცხადების გავრცელების შემდეგ - ამ და სხვა კითხვებით bm.ge-m მესტიის მუნიციპალიტეტის მერ კახა ჟორჟოლიანს მიმართა.

- ბატონო კახა, მესტიის მერიის საჯარო განცხადებამ და მოწოდებამ შედეგი მოიტანა ანუ გამორთეს მაინერები?

- სამწუხაროდ, ვერ მოაქვს შედეგი.

- გარდა განცხადებისა, სხვა რა ღონისძიებებს მიმართეთ პრობლემის მოგვარების მიზნით - მაგალითად, შსს-ს თუ მიმართეთ დახმარებისთვის, რადგან თუ ნება არის, მესტიაში მაინერების აღმოჩენა რთული არაა...

- ინფორმაცია მათ უნდა ჰქონდეთ ან თვითონ უნდა მიხედონ თუ ვინმეს გასაკეთებელია და მათი საქმეა... ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება. მე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვმოქმედებ და ვმუშაობ ისე, როგორც შეიძლება.

- საჯარო განცხადება ხომ გაავრცელეთ?

- დიახ, განცხადება გავავრცელე და მივმართე მოსახლეობას თხოვნით, რომ გამორთონ მაინერები... ამ შემთხვევაში „ენერგო პრო ჯორჯიამ“ უნდა მიმართოს შსს-ს, ფუნქციების აღრევა რომ არ მოხდეს... მათ დენზეა საუბარი..

- ბატონო კახა, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას მიმართეთ საჯარო განცხადებით, ისე შსს-ს რომ მოუწოდოთ საკითხით დაინტერესებისკენ, არ შეიძლება? თქვენს ფუნქციებში არ შედის ამ პრობლემის გადაჭრა? თქვენც ხომ სახელმწიფოს წარმომადგენელი ხართ....

- მე ხომ „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელი არ ვარ?

- თქვენ მესტიის მერი ხართ და თუ მოსახლეობის მიერ კრიპტოვალუტის წარმოებაა პრობლემა, კარგად გეცოდინებათ, რა ხდება ოჯახებში...

- რა გგონიათ, მე ყველა ოჯახში შევდივარ და ბიტკოინებს ვამოწმებ?! ზღვარს გადახვედით ახლა - რას მეუბნებით, რომ ოჯახებში შევიდე და ვამოწმო?

- ბატონო კახა, ჩემი კითხვაა - თქვენ თუ მიაწოდეთ ინფორმაცია შსს-ს ან ხომ არ აპირებთ განცხადებით მიმართოთ?

- საკმარისი იყო განცხადება, რომელიც დავდე... რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ გამჭვირვალედ და მე მგონი, საკმარისად იღებთ ყველა ინფორმაციას და ზედმეტად არავის საქმეში ვერევი. მეტი როგორ აგიხსნათ?!

- მოგეხსენებათ, წლებია, მესტიის მოსახლეობა ელექტრომომარაგების საფასურს არ იხდის და სწორედ ამ მიზეზით გახშირდა არალეგალური მაინინგი, რაც პრობლემას უქმნის როგორც მოსახლეობას, ისე ადგილობრივ ბიზნესს და ბუნებრივია, „ენერგო პრო ჯორჯიასაც“ არ ჰქონდეს ინვესტირების მოტივაცია... რა კეთდება ამ პრობლემის გადასაჭრელად - სემეკთან, ეკონომიკის სამინისტროთან თუ მიდის მუშაობა?

- ამ თემაზე მეორე წელიწადია მიდის მუშაობა, მაგრამ შედეგს აქაც ვერ მივაღწიეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები