მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზედმეტი რისკის შემცველია - ენერგეტიკული ბირჟის გაშვება შესაძლოა ისევ გადავადდეს

63036b5fc2965
მარიამ ვარადაშვილი
22.08.22 15:38
1146
საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება შესაძლოა ისევ გადავადდეს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რეგიონში არსებული ვითარების ფონზე ელექტროენერგიით ვაჭრობის თავისუფალი ბაზრისთვის მინდობაში მთავრობა რისკებს ხედავს.

“ბირჟის ნაწილში გამართულია ყველაფერი. იცით, რომ რამდენიმე მსხვილი გაერთიანებაა ევროპაში, რომელთა გამოცდილებასაც ვიზირებთ, თუმცა ამავე დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც მწარმოებლები, ისე მომხმარებლების ინტერესები დაცული იყოს. ვითვალისწინებთ რისკებს, რომლებიც შესაძლოა ჰქონდეთ თავისუფალ სავაჭრო რეჟიმში ელექტოენერგიის ბაზრის ფუნქციონირებას. იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა და მრეწველობის სხვადასხვა დარგი, მათ შორის მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს, ამ საკითხს ჯერ კიდევ ვაანალიზებთ და ჯერ კიდევ მიდის მსჯელობა. მნიშვნელოვანია განვაცხადოთ, რომ დღეს არ არის ყველაზე კარგი დრო იმისთვის, რომ თავისუფალ რეჟიმში ფუნქციონირებდეს ბაზარი, რადგან დღეს რეგიონში ყველაზე რთული ვითარებაა, რაც კი ოდესმე ყოფილა”,-ამბობს დავითაშვილი.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში ენერგორესურსებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა და ქვეყნის უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი გახდა.

“დავინახეთ ძალიან არასტაბილური და არაპროგნოზირებადი ვითარება ენერგორესურსებისა და ფასების მიმართ, რაც მკვეთად მომატებულია. როცა მთელი ევროკავშირი ამბობს, რომ არ იციან როგორი ზამთარი იქნება, რეგიონის ბევრი ქვეყანა ძალიან რთულ ვითარებაშია და ვერ პროგნოზირებენ როგორი იქნება ფასი ან თავად ენერგომატარებლებით უზრუნველყოფა, ვფიქრობთ, ზედმეტი რისკის შემცველია თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღება ელექტროენერგიაზე. ვმსჯელობით და კიდევ განვიხილავთ გარკვეულ საკითხებს. იცით, რომ მთავრობამ 1 სექტემბერს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ამას უახლოეს დღეებში გაგაცნობთ”,-აცხადებს დავითაშვილი.

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო. ის ჯერ 2022 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ კი 1 მარტამდე გადაიდო, თუმცა არც 1 მარტს ამოქმედებულა. ამჟამად რეფორმის დაწყება 2022 წლის სექტემბერში იგეგმება. შესაბამისად, თუ ეს ვადა არ შეიცვალა, სექტემბრიდან ბირჟაზე არსებული მოთამაშეებისთვის ელექტროენერგიის გაყიდვის და შესყიდვის ფასი თავისუფალ ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების შედეგად დადგინდება.