ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრება.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, ელოდება მილიარდობით ევროს შეთანხმებას.
„ჩვენ დავტოვებთ ამ კონფერენციას მილიარდობით ევროს შეთანხმებით ჩვენი თავდაცვისთვის, უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით და ჩვენი ენერგეტიკისთვის, შეკეთებისა და ახალი, უფრო თანამედროვე ენერგეტიკული სისტემის მშენებლობისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ მისი მოლოდინით, გარკვეული დაფინანსება მოხმარდება განათლების საჭიროებებს, სახლების აღდგენას და სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდებას.
ზელენსკიმ კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა წელს 1 გიგავატის, გაზზე მომუშავე ახალი გენერაციის აშენებას გეგმავს, ხოლო მომდევნო წლებში - 4 გიგავატის. მისი თქმით, მარტში რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმების გაძლიერების შემდეგ, დაბომბვის შედეგად 9 გიგავატის გენერაციის სიმძლავრეები განადგურდა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები თვის ბოლოს დაიწყება, ვინაიდან უკრაინამ შეასრულა განსაზღვრული რეფორმები.
კონფერენციას, რომელიც გერმანიის დედაქალაქში 11-12 ივნისს იმართება, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 000-ზე მეტი მონაწილე ესწრება. ღონისძიების მთავარი მიზანია ომით დაზარალებული უკრაინის ქალაქების აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება. კონფერენციას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელიც ბერლინში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.