მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში ჩავა

უკრაინა
BM. GE
16.08.25 12:36
365

ალასკას ისტორიული სამიტის დასრულებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავა და დონალდ ტრამპს შეხვდება.

აღნიშნული ინფორმაცია თავად უკრაინის ლიდერმა გააჟღერა. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტით ირკვევა, რომ დონალდ ტრამპსა და ზელენსკის შორის ვირტუალური შეხვედრა ერთ საათზე დიდ ხანს გაგრძელდა. მოგვიანებით კი მათ ევროპელი ლიდერებიც შეუერთდნენ.

"ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი და შინაარსიანი საუბარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. იმ საათ-ნახევრიანი შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ჩვენ შორის შედგა, ერთ საათზე მეტი პირისპირ საუბარს დაეთმო. მე მას დავუდასტურე, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს”. - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა არ გაამხილა, თუ რა ინფორმაცია გაუზიარა დონალდ ტრამპმა მას, თუმცა აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტისგან ალასკაზე გამართული მოლაპარაკებების ყველა მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ მიიღო ინფორმაცია. ზელენსკიმ გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზი გაუსვა ამერიკის როლს და აღნიშნა, რომ მის სიძლიერეს მოვლენათა განვითარებაზე დიდი გავლენა აქვს.

ზელენსკიმ ტრამპის მიერ გაჟღერებული სამმხრივი შეხვედრის აუცილებლობაზეც დაწერა და ინიციატივას მხარი დაუჭირა.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივას, რომ უკრაინის, ამერიკისა და რუსეთის ლიდერების თანამონაწილეობით გაიმართოს შეხვედრა. უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვა სწორედ ამ დონის შეხვედრაზეა შესაძლებელი.” - წერს ზელენსკი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სწორედ ამის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ის მომავალი კვირის დასაწყისში ვაშინგტონს ეწვევა და ომის დასრულებისთვის აუცილებელ საკითხებს თავად პრეზიდენტთან გაივლის.

დასასრულს უკრაინის ლიდერმა ევროპელი ლიდერების მხარდაჭერასაც გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ უსაფრთხოების მყარი გარანტიების მისაღებად ევროპული ქვეყნების ჩართულობა ამერიკულზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები