უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და ომის დასრულება ივნისის ბოლომდე სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მიმართავს ზეწოლის მეთოდებს, რათა მხარეებს ამ ნაბიჯის გადადგმა აიძულოს.
როგორც უკრაინის ლიდერმა მედიას უთხრა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაწყვეტილება მიღებული აქვს და მომდევნო თვეების განმავლობაში სამშვიდობო მოლაპარაკებებში გაცილებით უფრო ხისტ და აგრესიულ სტრატეგიას გამოიყენებს, რათა ე.წ. დედლაინი არ დაირღვეს.
ზელენსკის თქმით, ამერიკული მხარე კონფლიქტის დასრულებისა და მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ მკაფიო და დეტალურ ინფორმაციას ითხოვს, რომელიც სამშვიდობო შეთანხმებაში ჩაიწერება და მისი შესრულება როგორც უკრაინას, ისე რუსეთს მოუწევთ. ამ ნაბიჯით შტატებს სურს, არ დატოვოს სივრცე მანიპულაციისთვის. უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ზეწოლის რა მეთოდების გამოყენებით იმუქრება ტრამპის ადმინისტრაცია, თუმცა განაცხადა, რომ შტატები ამჯერად ნებისმიერ ფორმას მიმართავს, რაც ომს რეალურად დაასრულებს, ორ ქვეყანას კი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას აიძულებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე დააანონსა, რომ მე-3 სამმხრივი მოლაპარაკება არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში აღარ გაიმართება და ის შეერთებულ შტატებში, მაიამიში გადაინაცვლებს, სადაც სამივე დელეგაციის წარმომადგენლები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდებიან და განიხილავენ, თუ რა ნაბიჯების გადადგმითაა შესაძლებელი კონფლიქტის დასრულდება.
შეგახსენებთ, ომში მყოფ ქვეყნებს მოლაპარაკების თითქმის ყველა საკითხი გავლილი და შეთანხმებული აქვთ, თუმცა მთავარ გამოწვევად დონბასის კონტროლის საკითხი რჩება. რუსეთი ითხოვს, რომ უკრაინამ რეგიონი მთლიანად დატოვოს, ოფიციალურ კიევში კი განმარტავენ, რომ დონეცკისა და ლუჰანსკის იმ მონაკვეთს, რომელსაც კვლავ აკონტროლებენ, უბრძოლველად არ დათმობენ.




























