მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზელენსკის თქმით, ირანში ომის გამო უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჭიანურდება

უკრაინა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები სულ უფრო ქაოტური ხდება - პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ირანზე განხორციელებული ამერიკული დარტყმების გამო თეთრი სახლის ოფიციალური პირები გამგზავრებას ვერ ახერხებენ, რუსეთის წარმომადგენლებს კი აშშ-ში ჩასვლა არ სურთ.

"ომი და უსაფრთხოების სიტუაცია [თეთრი სახლის მაღალჩინოსნებს] ამჟამად აშშ-ის დატოვების საშუალებას არ აძლევთ", - განაცხადა ზელენსკიმ, სააგენტო Unian-ის ცნობით.

მისივე ინფორმაციით, რუსეთმა აშშ-ში სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვაზე უარი თქვა და შეხვედრის ალტერნატიულ ადგილად შვეიცარია ან თურქეთი დაასახელა. თავის მხრივ, უკრაინის დელეგაცია მზადაა, სამმხრივი სამიტისთვის ვაშინგტონსა და მაიამიში გაემგზავროს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აშშ-ში სამმხრივი შეხვედრის გამართვაზე უარს ამბობს, კრემლის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა 11 მარტს ფლორიდაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მაინც გამართა.

უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის ბოლო შეხვედრა 16 თებერვალს, ჟენევაში გაიმართა. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თავდაპირველად თებერვლის ბოლოს იგეგმებოდა, მოგვიანებით მარტის დასაწყისისთვის გადაიდო, თუმცა, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე ერთობლივი იერიშების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სრულად შეჩერდა.

ირანზე დარტყმებამდე ზელენსკი აცხადებდა, რომ სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში აბუ-დაბიში გაიმართებოდა. თუმცა, 4 მარტს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ პროცესი ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაწყებული ომის გამო დაპაუზებულია.

"შეერთებულ შტატებთან კონტაქტს პრაქტიკულად ყოველდღიურად ვაგრძელებთ. თუმცა, ამ ეტაპზე, ირანის სიტუაციის გამო, სამმხრივი შეხვედრისთვის საჭირო სიგნალები ჯერ არ მიგვიღია", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები