ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის და ჭიათურის მაღაროს დროებით გაჩერებას შესაძლოა, ჯაჭვური ეფექტი ჰქონდეს და მცირე საწარმოებსაც შეექმნათ პრობლემები - ამის შესახებ ფეროშენადნობთა ასოციაციაში აცხადებენ.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნუგზარ კევლიშვილმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, რამდენიმე მცირე საწარმო, რომელიც ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას, მანგანუმის კონცენტრატს “ჯორჯიან მანგანეზისგან” ყიდულობდა, შესაბამისად, კომპანიის შეფერხებამ შესაძლოა, მათი დახურვაც გამოიწვიოს.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ ფეროშენადნობების დარგში მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება, რაც გლობალურ ბაზარზე ფეროსილიკონზე ფასების და მოთხოვნის კლებითაა განპირობებული.
ასოციაციის ინფორმაციით, თუკი 2022 წლის დასაწყისში ერთი ტონა პროდუქციის საექსპორტო ფასი 2500 დოლარი იყო, ამ დროისთვის პროდუქციის ღირებულება 1000 დოლარამდეა შემცირებული. შესაბამისად, ადგილობრივი საწარმოების დიდ ნაწილს მუშაობა კვლავ შეჩერებული აქვს.
“2022 წლის შემდეგ ფეროსილიკონის საექსპორტო ფასი წარმოუდგენლად შემცირდა. ამის პარალელურად კი სხვა ყველაფერზე ფასი გაიზარდა, ნედნეულზე, ელექტროენერგიაზე, ასევე მოსახლეობას ხელფასებზე უფრო მაღალი მოთხოვნა აქვს. იმაზე აღარცაა საუბარი, რომ ვინმე ამ პროდუქციას მოგებით ყიდის. “ჯორჯიან მანგანეზს” სიტუაცია კბილებით ეჭირა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. თუმცა ყველაფერს საზღვარი აქვს და სამწუხაროდ, “ჯორჯიან მანგანეზმაც” შეაჩერა მუშაობა, რაც როგორც დარგზე, ასევე ქვეყანაზე მძიმედ აისახება.
რაც შეეხება სხვა საწარმოებს, აღმოსავლეთ საქართველოში ორ საწარმოს დროებით გაჩერებული აქვს მუშაობა, საწარმოების უმეტესი ნაწილი კი ორ წელზე მეტია აღარ ფუნქციონირებს. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, იქ ერთი მსხვილი კომპანია და ორი პატარა საწარმო მცირე დატვირთვით ისევ მუშაობს, ანუ სიტუაცია ძალიან მძიმეა. როგორც ვიცი, ორი კომპანია საქართველოში ყიდულობდა მანგანუმის კონცენტრატს, შესაბამისად, ჯაჭვურად მათაც შეექმნებათ პრობლემა. მადნის მოპოვება თუ არ მოხდება და “ჯორჯიან მანგანეზისგან” ნედლეულს ვერ შეიძენენ, ეს მათ გაჩერებასაც გამოიწვევს. იმპორტზე გადაწყობაც შეიძლება, თუმცა მცირე კომპანიებისთვის ეს ძალიან რთული იქნება”, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.
ცნობისთვის, ქვეყნის უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას და ჭიათურის მაღაროს დროებით აჩერებს. საწარმოები მუშაობას 1 ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე აჩერებენ.