მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზესტაფონში, ფქვილის მაღაზიაში, აგროქიმიკატებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი გამოვლინდა - სეს

სესი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზესტაფონში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში აგროქიმიკატებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი გამოავლინა. უწყების ცნობით, დარღვევა არაგეგმური ინსპექტირებისას დაფიქსირდა.

სააგენტოს ინფორმაციით, ინდივიდუალური მეწარმე (ზ.ქ.) შესაბამისი რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, ხორბლის ფქვილის სარეალიზაციო სივრცეში ყიდდა აგროქიმიკატებს, რაც კანონმდებლობით აკრძალულია.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, სასურსათო პროდუქტებთან ერთად პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვა და რეალიზაცია დაუშვებელია, რადგან ის ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის მაღალ რისკს შეიცავს.

"კანონმდებლობის შესაბამისად, ინდმეწარმე დაჯარიმდა და აეკრძალა აგროქიმიკატებით ვაჭრობა შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე. სასურსათო დანიშნულების პროდუქტთან ერთად აგროქიმიკატებისა და პესტიციდების რეალიზაცია დაუშვებელია და შეიცავს მაღალ რისკს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის", - წერია განცხადებაში.

მოქმედი წესების მიხედვით, აგროქიმიკატებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც დაცულია შესაბამისი სტანდარტები, ხოლო გამყიდველს აქვს საჭირო კვალიფიკაცია, რათა მომხმარებელს უსაფრთხო გამოყენების შესახებ სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები