თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სურსათის უვნებლობის ნორმებთან შეუსაბამობა არ გამოვლენილა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მონიტორინგი თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს შორის ნოროვირუსით გამოწვეული გასტროენტერიტის შემთხვევების შემდეგ დაიწყო. მოკვლევის ფარგლებში, ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცისა და რძის პროდუქტების საწარმოები.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ლაბორატორიულად შემოწმდა სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათი, მათ შორის:
- ხილ-ბოსტნეული;
- რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი);
- ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი);
- მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი.
კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა:
- მძიმე მეტალები;
- ნიტრატები;
- მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა - დადებითი სტაფილოკოკი).
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყველა 694 ნიმუშის კვლევის შედეგი დადგენილ ნორმებს შეესაბამება.
























