მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზესტაფონში, გორსა და თეთრიწყაროში Eksim Holding-ი 280 მეგავატის ქარის ელექტროსადგურებს ააშენებს

ქარის ელექტროსადგური

თურქეთის Eksim Holding-ი საქართველოში, ქარის ელექტროსადგურების მშენებლობას გეგმავს. კომპანიას უკვე წარდგენილი აქვს ზესტაფონის, გორის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ამ სადგურების გზშ დოკუმენტაცია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან შესაბამისი ნებართვის მიღებას ელის.

Eksim Holding-ი საქართველოს ენერგეტიკის სისტემაში ინვესტიციებს 2007 წლიდან ახორციელებს. კომპანიის შვილობილი “აჭარ ენერჯი 2007” 2017 წლიდან ახორციელებს 47.5 მეგავატის სიმძლავრის ხელვაჩაური ჰესი 1-ის ოპერირებას, 2018 წლიდან კი კომპანია 51.2 მეგავატის სიმძლავრის კირნათი ჰესს მართავს.

Eksim Holding-ი საქართველოში შემდეგი ქარის ელექტროსადგურების მშენებლობას გეგმავს:

  • ბოტისის ქარის ელექტროსადგური - 80 მეგავატი; სადგური აერთიანებს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლ მოხისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თონეთის მიმდებარედ 12 ერთეული ქარის ტურბინა-გჰენერატორს. თითოეული ტურბინის სიმძლავრე 7.2 მეგავატ საათი იქნება. სადგურის წლიური გამომუშავება 287 მილიონი კილოვატ საათი იქნება.
  • გორის ქარის ელექტროსადგური - 80 მეგავატი; სადგური აერთიანებს გორის და ქარელის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ 11 ერთეული ქარის ტურბინა-გჰენერატორს. თითოეული ტურბინის სიმძლავრე 7.2 მეგავატ საათი იქნება. სადგურის წლიური გამომუშავება 334 მილიონი კილოვატ საათი იქნება.
  • როდინაულის ქარის ელექტროსადგური - 100 მეგავატი; სადგური აერთიანებს ზესტაფონის და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების როდინაულისა და სვირის მიმდებარედ 14 ერთეული ქარის ტურბინა-გჰენერატორს. თითოეული ტურბინის სიმძლავრე 7.2 მეგავატ საათი იქნება. სადგურის წლიური გამომუშავება 302 მილიონი კილოვატ საათი იქნება.

შესაბამისად, სამივე ელექტროსადგურის ჯამური გამომუშავება წლიურად 923 მილიონი კილოვატ საათი უნდა იყოს.

კომპანია Eksim Holding-ი სამივე ქარის ელექტროსადგურის განვითარებისთვის ახალი ქვესადგურების მშენებლობასაც გეგმავს.

წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ქარის ელექტროსადგურები კომპანია Goldwind (GW182) მოდელის ქარის ტურბინა გენერატორებით აღიჭურვება.

ტურბინის კოშკის (ღერძის) სიმაძლე 110 მეტრი, ხოლო როტორის დიამეტრი 182 მეტრს შეადგენს. ქარის ტურბინა მოძრაობას იწყებს მაშინ როდესაც ქარის სიჩქარე 2.5 მეტრ წამს გადააჭარბებს, ხოლო 24 მეტრ წამზე უფრო ძლიერი ქარის პირობებში ის უსაფრთხოების მიზნით ჩერდება. შესაბამისად ქარის ტურბინა, 2.5-დან 24 მეტრ წამამდე სიჩქარეებზე ოპერირებს.

Eksim Holding-ის ანგარიშის თანახმად, კომპანიის ოპერირებაშია თურქეთში 466 მეგავატის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურები, ამასთან განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა 862 მეგავატის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურები.

საქართველოში ამ დრომდე ქარის მხოლოდ ერთი - ქართლის ქარის ელექტროსადგური ოპერირებს, რომელიც 6 ტურბინისგან შედგება და მისი დადგმული სიმძლავრე 20 მეგავატია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები