მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზეთის გაძვირების მიზეზით კონკურენციის სააგენტო თავისი ნებით დაინტერესდა

60803ba040197
ელენე გოგბერაშვილი
21.04.21 19:04
8187
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ზეთისა და წიწიბურას გაძვირების მიზეზის დასადგენად გარკვეული ინფორმაცია დაამუშავა. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე "საქმის კურსთან" განმარტავს, შესაბამისი ინფორმაციის მოძიება საკუთარი ინიციატივით დაიწყეს, რადგან აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების ზრდა საზოგადოებაში მაღალ ინტერესს აჩენდა. 

„ყველა იმ პროდუქტზე, რომელიც შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი, ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას და ვამუშავებთ, რომ შევხედოთ, იქ ხომ არ არის პირობითად ფასების ზრდის პროცესი დაკავშირებული რაიმე სხვა ფაქტორთან, ვიდრე ეს შეიძლება იყოს საბაზრო ფაქტორები ან გარე ფაქტორები, რომელიც საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს ფასზე. ასეთი იყო პურის ფასი, ასეთი იყო საწვავის ფასი...

გვქონდა გარკვეული შეფასებები ზეთის და წიწიბურას მიმართულებაზე და აქაც ფასების ზრდის პროცესი იყო იმ გავლენით, რაც მსოფლიო ბაზარზე ხდება; იყო ინფორმაცია, რაც ჩვენ მოგვცემდა საშუალებას, გაგვერკვია ამ ბაზარზე რა ვითარებაა და ეს იყო ძირითადად მოთამაშეთა რაოდენობა, მათი წილობრივი მონაწილეობა ბაზარზე, რაც იძლევა წინასწარ იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ აქ კონკურენცია არის.

2021 წლის მონაცემებით, დაახლოებით, 30 კომპანიაა ზეთის იმპორტიორი და საკმაოდ ბევრი კომპანია ახორციელებს წიწიბურის იმპორტს და პირველი, მეორე, მესამე კომპანიის წილები არის 16%, 10%, 9%-ის ფარგლებში. ბაზარი არის გახსნილი და დაბალკონცენტრირებული.

პირველი მაჩვენებელი, რაც ჩვენს ყურადღებას იპყრობს, რათა გავაგრძელოთ მონიტორინგი ან გადავიდეთ სხვა ეტაპზე, არის ბაზრის მაღალი კონცენტრაციაა ,რა დროსაც მეტია რისკი, რომ არსებობდეს კონკურენციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით კითხვები. ჩვენ სურათი დავინახეთ და ყველა მსგავს შემთხვევაზე, სადაც დიდია საზოგადოებრივი ინტერესი, გვექნება წინასწარი სურათი მსგავს საკითხებზე“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

ინფორმაციისთვის; მზესუმზირის ზეთის ფასი 2008 წლის შემდგომ ისტორიულ მაქსიმუმზეა. ფასების ზრდა 2020 წლის სექტემბერიდან დაიწყო, რაც ამ პროდუქტის უმსხვილეს მწარმოებელ რეგიონში – რუსეთსა და უკრაინაში მზესუმზირის დაბალმა მოსავლიანობამ გამოიწვია. რაც შეეხება საქართველოს, ლიტრი მზესუმზირის ზეთის საფასური 2021 წლის მარტის მდგომარეობით წლიურად 62%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები