მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ზღვარგადასულია, რაც ციხეში ხდება“ — ზურაბიშვილი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტს ეხმაურება

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გიორგი ბაჩიაშვილზე ციხეში განხორციელებულ ძალადობას ეხმიანება და შექმნილ ვითარებას „ზღვარგადასულს“ უწოდებს. ზურაბიშვილის შეფასებით, ქვეყანაში აღარ მოქმედებს არც სამართლებრივი სტანდარტი, არც პასუხისმგებლობა, ხოლო ციხეებში მყოფი პატიმრები დაუცველები არიან.

„ზღვარგადასულია ის, რაც ხდება, თუ როგორ უსწორდებიან თვით საკანში ადამიანს, რომელიც იქ იხდის სასჯელს და მერე, როგორ გადაჰყავთ კლინიკაში, როცა უნდათ, როგორც უნდათ, გაუფრთხილებლად, ისე, რომ არანაირი ახსნა-განმარტება ან საჯაროობა ამის მიმართ არ არსებობს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ბაჩიაშვილის შემთხვევა იმ ყველაფრის მაგალითია, რაც დღეს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ხდება.

„ქვეყანაში უკვე სრული განუკითხაობა სუფევს. ხომ ვხედავთ, რა ხდება სასამართლოში და როგორია ის დღეს, მხოლოდ მითითებების შემსრულებელი ინსტიტუტი. ამას ემატება ციხეების მდგომარეობა, სადაც ადამიანები ამ რეჟიმის მსხვერპლები ხდებიან. ბაჩიაშვილის სიტუაცია არის საგანგაშო. ციხეში არ სრულდება მინიმალური სტანდარტებიც კი, რაც დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს.“

ის ასევე შეეხო სახალხო დამცველის როლს და აღნიშნა, რომ დღეს ეს ინსტიტუციაც ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას:

„არ ვიცი, სად არის სახალხო დამცველი, რამდენად მოახდინა რეაგირება ამ ყველაფერზე. დაუცველობა არის ის, რაც დღეს ამ ქვეყანაში სუფევს.“

ზურაბიშვილის თქმით, სწორედ ასეთი ქმედებების გამო დამთავრდა წინა რეჟიმი. [ენმ]

"ყველას მინდა გავახსენო ის ფაქტი, რომ სწორედ ამ უსასტიკესი მოქმედებებისა და ციხეებში უსამართლო მოქცევის გამო დამთავრდა წინა რეჟიმი. ამიტომ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ბოლომდე იქნება მათზე, ვინც არა მხოლოდ ბრძანებებს იძლევა, არამედ ასევე, მათი, ვინც განუკითხავად ასრულებს მათ და მზად არის უსასტიკეს ქცევაში მიიღოს მონაწილეობა. ეს არ არის საქართველო, ეს არ არის ქართული ტრადიციები, ეს არ არის ის სამართალი, რომელსაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვაშენებდით და რომელსაც მივყვებოდით. ეს არის სხვა რეჟიმი, სხვა ქვეყანა, ამას არ შევეგუებით არცერთ წუთს. დროა, საზოგადოებამ დაინახოს ის, რაც ხდება. დროა, რომ სხვაგან არ იყურებოდეს, რადგან ეს ის არის, რაც ყველას ეხება დღეს და ხვალ“.

ბაჩიაშვილის განცხადებით, 8 ივლისს N8 დაწესებულების დირექტორმა, დავით გოგობერიშვილმა, მას მეგობრული ტონით ურჩია, რომ ბიძინა ივანიშვილს მიეწოდებინა ინფორმაცია თავის საბანკო ანგარიშებზე, კრიპტოვალუტებზე და მათ ბრუნვებზე. რამდენიმე დღეში, 11 ივლისს, ბაჩიაშვილის თქმით, მის საკანში შეიყვანეს უცნობი პირი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

პენიტენციური დაწესებულება ფაქტს გამოეხმაურა და თქვეს, რომ ეს თანამესაკნეებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები