უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა. ბათუმის სანაპირო ზოლში, გარკვეულ პერიმეტრზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის სანაპიროზე არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
"უხვი ნალექის, უამინდობისა და შტორმის შედეგად ბათუმის სანაპირო ზოლზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. გამოდარებისთანავე მოხდება ინფრასტრუქტურის აღდგენა. მინდა მოქალაქეებს ვთხოვო, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან. ყველაფერი გაკეთდება, რომ დაცული იქნას როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ადგილზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სრული სალიკვიდაციო სამუშაოები, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება. ასევე, შტორმის შედეგად დაზიანდა ქობულეთის სანაპირო ზოლი. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.