ზღვის უბანში ახლად გახსნილი პარკი, რომელზედაც მთავრობამ 40 მლნ ლარი დახარჯა, კანალიზაციამ ჩარეცხა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
BM.GE დეტალების გასარკვევად, თბილისის მერიას დაუკავშირდა. მათ გვითხრეს, რომ აღნიშნული მერიას არ ეხება და კომპანია GWP-სთან გადაგვამისამართეს, მოგვიანებით კი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე.
"შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) და წყალი რამდენიმე წუთში გადაიკეტა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება", - წერია მერიის განცხადებაში.
თავის მხრივ, GWP-ში კი განგვიცხადეს, რომ დაზიანებას მათთან კავშირი არ აქვს.
""ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური" არ ფლობს ინფორმაციას ზღვის უბნის პარკში დაზიანებული წყლის მილის შესახებ, რადგან აღნიშნული მილი არ წარმოადგენს კომპანიის ინფრასტრუქტურას", - აცხადებენ GWP-ში.