2024 წლის 5-6 ნოემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ აქცენტი რუსეთის მიერ, ევროკავშირის შუამავლობით, დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე გააკეთა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებასა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებზე.
"სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, მოლაპარაკების უმთავრესი საკითხის განხილვის დაწყებისთანავე, რომელიც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ტრადიციულად დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით იმართება. მასში დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
ცნობისთვის, მოსკოვი თბილისს მოუწოდებს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიები უზრუნველყოს და მათთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დაიწყოს.
მოსკოვი თბილისს მოუწოდებს, აფხაზეთთან და ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დაიწყოს