მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ამბობს, რომ გერმანიის ელჩი მთავრობის ადმინისტრაციაში თავად მივიდა და ითხოვდა "გრანტების კანონი" გერმანული ორგანიზაციების მიერ გაცემულ გრანტებზე არ გავრცელებულიყო. საუბარია მიმდინარე წლის დასაწყისში "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ მიღებულ კანონზე, რომლითაც საერთაშორისო ორგანიზაციებს გრანტების გასაცემად "ქართული ოცნების" მთავრობის თანხმობა სჭირდებათ.
"თვითონ მოვიდა. ითხოვა, გერმანიის კონკრეტული ორგანიზაციები NGO-ებს რომ დავაფინანსებთ, გაგვათავისუფლეთო. ჩვენ ვუთხარით, რომ კანონი ყველა ქვეყანაზე ვრცელდება, ყველა უცხოურ დაფინანსებაზე, ვერ გავაკეთებთ გამონაკლისებს, ინკლუზიური კანონმდებლობა გვაქვს და დისკრიმინაციას არ ექვემდებარება.
თვითონ მოვიდა, ჩვენ არ დაგვიბარებია. საგარეოში მის დაბარებას ჰქონდა წინაპირობები, განცხადებები, ქმედებები... მას აუხსნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რაში მდგომარეობს დაბარების მიზეზები. ძალიან კარგად იცის. ჩვენ ვისაუბრეთ გრანტების შესახებ. შეხვედრას მე და ჩემი მოადგილე ვესწრებოდით“, - უთხრა ჟურნალისტებს ჟორჟოლიანმა.
გუშინ, 25 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პეტერ ფიშერი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ასევე ისაუბრეს გრანტების შესახებ საქართველოს კანონზე. გერმანიის ელჩმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს სთხოვა, საქართველოს მთავრობამ დაუშვას გამონაკლისი გერმანული ორგანიზაციების მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტების შეთანხმების მიმართულებით.
"ლევან ჟორჟოლიანმა ელჩს გრანტების გაცემაზე თანხმობის მიღების პროცედურა განუმარტა და აღნიშნა, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებს, შესაბამისად საქართველოს მთავრობა დისკრიმინაციულ მიდგომებს ვერ დაუშვებს", - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




























