ევროსაბჭოს ჟურნალისტური უსაფრთხოების პლატფორმამ ქართული მედიის მდგომარეობაზე განგაშის სიგნალი ჩართო.
გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან საქართველოს ხელისუფლებამ გააძლიერა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ ინსპექციები, აპრილში გრანტების კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე. ცვლილების შემდეგ უცხოური გრანტის მისაღებად მთავრობის ნებართვა გახდა საჭირო.
„8 სექტემბერს 30-მდე ორგანიზაციამ, მათ შორის ჯგუფებმა, რომლებიც უშუალოდ უჭერენ მხარს მედიის თავისუფლებას და ინფორმაციაზე წვდომას განაცხადეს, რომ ანტიკორუფციული ბიუროდან მიიღეს შემოწმების შეტყობინებები, რომლებიც მოითხოვდა დეტალურ ინფორმაციას მათი საქმიანობის შესახებ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ.
მიზანში ამოღებულ ორგანიზაციებს შორისაა: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), მედიაცენტრი კახეთი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), Rights Georgia, სამოქალაქო იდეა და ადამიანის უფლებათა ცენტრი. შემოწმების მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის მიუხედავად, 17 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბიუროს შუამდგომლობები ცხრა ორგანიზაციის წინააღმდეგ და მათ შესრულება დაავალდებულა.
2 ოქტომბერს დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ OC Media-მ განაცხადა, რომ სამიზნე რამდენიმე ონლაინ მედიაორგანიზაციაც გახდა, მათ შორისაა: „პროექტი 64“; ორგანიზაცია, რომელიც მართავს „მთის ამბებს“ და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის მედიაცენტრი, რომელიც მართავს საგამოძიებო გამოცემა iFact-ს.
OC Media-სა და ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) თანახმად, 60-ზე მეტ მედიასაშუალებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას დაევალა დონორებისა და გრანტების მონაცემების გამჟღავნება. ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა კონტრაქტები, ბიუჯეტები, განაწილების გრაფიკები, სამუშაო გეგმები და განხორციელების ანგარიშები, თუმცა შესასრულებლად მხოლოდ სამი სამუშაო დღე მისცა. წერილებში არ იყო მითითებული მკაფიო სამართლებრივი საფუძველი. იმ გამოცემების რედაქტორებმა და დამფუძნებლებმა, რომლისგანაც ბიურო ამ ინფორმაციას მოითხოვს, ეს თვითნებურად, არაპროპორციულად და კონფიდენციალურობის დაცვის დარღვევად შეაფასეს“, - წერია განცხადებაში.
ევროსაბჭოს ჟურნალისტური უსაფრთხოების პლატფორმა ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თვითნებური შემოწმებები, გააუქმოს გრანტების შესახებ კანონში 2025 წლის აპრილში შეტანილი ცვლილებები და დაასრულოს კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დასაშინებლად.




























