"ქართული ოცნების" პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ მზია ამაღლობელის შიმშილობის საკითხი აღელვებს. მან ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ ის შიმშილობას შეწყვეტს.
"რა თქმა უნდა, ამჟამინდელი თუ მომავალში კანონი რომ იქნება მიღებული, ყველა მათ წინაშე უნდა იყოს თანასწორი და ეს თუ ასე არ არის, რა თქმა უნდა, ეს ცუდია. მე არ მგონია, რომ ნაკლებად მაღელვებს (ვინ დაიჯერებს, ვინ - არა, ეს არ არის საინტერესო, მაგრამ გულწრფელად ვამბობ) ქალი ჟურნალისტი შიმშილობს თუ არ შიმშილობს, ნამდვილად მაღელვებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ის ამას შეწყვეტს. თუმცა, ერთია დღეს რომ გჯერა სწორ საქმეს ემსახურები და ეს მისი უფლებაა, მას ასე სჯეროდეს და იბრძოდეს იმისთვის, რისიც სჯერა, მაგრამ მეორეა ის, რომ ეს ყველაფერი ჩაივლის აუცილებლად მშვიდობიანად და დარჩება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი",- თქვა თეა წულუკიანმა.
მან "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ ახალ კანონებზე საუბრისას აღნიშნა, რომ "ჟურნალისტი ვარ და ვიშიმშილებ - ეს არ უნდა იყოს ვიღაცის ხელში იარაღი".
"მივხვდით, რომ სულაც არ არის მიუღებელი კანონი გამოიყენო ისე, როგორც კანონში წერია. ამაზე საუბრობდა დღეს მამუკა მდინარაძე, რომ არ მისცე ჟურნალისტს თუ უცხოელს უფლება მუდმივი შანტაჟის ქვეშ ჰყავდე, იმიტომ, რომ საბოლოოდ სახელმწიფოსთვის ეს არის ძალიან ცუდი.
თუ ყველა ვიფიქრებთ, რომ მე პოლიტიკოსი ვარ და ამიტომ ვერ ჩამსვავს ვერავინ ციხეში, თუ ცუდად მოვიქცევი და კანონს დავარღვევ, ეს ინდულგენცია ვერ იქნება. სამწუხაროდ, დიდხანს იყო ეს ინდულგენცია, რას იტყვი უცხოელი. რვა წელი ვიმუშავე იუსტიციის სამინისტროში და ძალიან ბევრი უცხოელის გვარისა და სახელის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც მოდიოდა და ზეწოლას ახდენდა ჩვენზე, ჩემზე, სხვებზე, ჩემს კოლეგებზე. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვითვალისწინებდით.
ჟურნალისტი ვარ და ვიშიმშილებ - ეს არ უნდა იყოს ვიღაცის ხელში იარაღი, თუმცა მას ასე სჯერა, ეს მისი უფლებაა და ასე იქცევა. ჩვენი ვალდებულებაა და პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯანმრთელობა რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს. ჩვენ თუ მივეჩვევით იმას, რომ პოლიტიკოსობა ან ჟურნალისტობა არ იძლევა ყველაფრის უფლებას, მე მგონი, რომ პროტესტის გამოხატვაც უფრო ეფექტიანი იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მზია ამაღლობელი 25-ე დღეა რაც შიმშილობს. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.