სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
უწყების სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წელს სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 2022 წელთან მიმართებით 7%-ით გაზრდილია. 2022 წელს მაჩვენებელი 28% იყო, 2023 წელს კი, 35%-ია.
ანგარიშში, მათ შორის, ასახულია სამართალდამცავების, საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის და ძალადობრივი დანაშაულების გამოვლენის და გახსნის მაჩვენებელი, რომელიც მოიცავს, როგორც პროკურატურის მიერ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, ასევე განრიდებას და საქმის შეწყვეტას.
კერძოდ, 2022 წელს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ზემოხსენებული კატეგორიის დანაშაულზე გამოძიება სულ 291 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, ხოლო 81 სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა, გახსნის პროცენტული მაჩვენებელია - 28%. 2023 წელს გამოძიება სულ 336 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, ხოლო 118 სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა, გახსნის პროცენტული მაჩვენებელია - 35%.
გასულ წელს, ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის 14 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. აქედან, 10 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.