მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო

განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სექტორთან დაკავშირებულმა ყველა მიმართულების წარმომადგენელმა. მათ შორის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, პარლამენტის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტებმა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

თამარ მახარაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დოკუმენტის შესახებ მიღებული უკუკავშირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რომელთა გათვალისწინებაც მიზანშეწონილია დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშავებისას. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საჯარო განხილვის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრებისას მონაწილეებისგან მიღებული უკუკავშირი, სპეციალურად შექმნილი ფოკუს ჯგუფების მიერ დამუშავდება, გაანალიზდება და დოკუმენტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბების პროცესში იქნება გათვალისწინებული.

სამინისტროს ინიციატივით, ახალი დოკუმენტის პირველადი ვერსიის საჯარო განხილვაში ფართო საზოგადოების ჩართულობის მიზნით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საჯარო განხილვის შედეგად მიღებული უკუკავშირების გაანალიზების შემდეგ შემუშავდება საბოლოო ვერსია, რის შემდეგაც, დოკუმენტის დამტკიცების მიზნით, უკვე დაიწყება სამთავრობო და საპარლამენტო პროცედურები.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ზოგადი განათლების ერთგვარი კონსტიტუციაა, 2004 წელს დამტკიცდა და 20 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. სწორედ ამიტომ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც განათლების სამინისტროს განცხადებით, გულისხმობს ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები