მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზოგიერთ ქართულ საფეხბურთო ლიგაში ბიუჯეტის ფულის ხარჯვა არასწორია“ - ტარიელ ხეჩიკაშვილი

IBERIA

ფეხბურთის განვითარების ფონდის პროექტის ერთ-ერთი თანაავტორი ტარიელ ხეჩიკაშვილის შეფასებით, ის ფული, რომელიც დღეს ფონდის ეგიდით ფეხბურთში იხარჯება, საუბარია ყოველწლიურად დაახლოებით 53 მილიონ ლარზე, ისედაც იხარჯებოდა, ამიტომ ფონდის შექმნის იდეა პირველ ეტაპზე ამ ხარჯების მოწესრიგებას და სამართლიანად გადანაწილებას ემსახურებოდა. 

გადაცემა #რედაქტ2-ში ფონდის საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ფონდის დაფუძნების მისია შესრულებულია. 

უნდა აღინიშნოს, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს 2015-2017 წლებში ხელმძღვანელობდა.

„ფონდი ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს გაწერილ სტანდარტებს, სამართლიანობის პრინციპით ანაწილებს ამ ფულს, ამ მიმართულებით პრეტენზია ვერ გვექნება. მე მაინც მგონია, რომ პრეტენზია ისევ საფეხბურთო ოჯახთან უნდა გვქონდეს. კლუბებმა ვერ მოვძებნეთ რესურსი, ფედერაციასთან და ფონდთან ერთად, რომ გავაანალიზოთ რა კუთხით მოგვცა ეფექტი და რა კუთხით უნდა განვითარდეს“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი მიიჩნევს, რომ დაფინანსება ახალგაზრდა ფეხბურთელების დაფინანსების კუთხით უნდა გაიზარდოს, ზოგიერთ ლიგაში კი ფულის ხარჯვა არასწორია.

„ქართული საფეხბურთო ოჯახი უნდა შევიკრიბოთ და ამ პროექტის ავკარგიანობაზე ვიმსჯელოთ“ - ტარიელ ხეჩიკაშვილი

BMGTV -ის გადაცემა „რედაქტ2“-ში ის ამბობს, რომ თუ გასულ წლებში ქართული ფეხბურთელების შეძენა აზერბაიჯანის ჩემპიონატის კლუბებსაც არ სურდათ, დღეს ამ კუთხით წარმატებებით გვაქვს. 

„2015 წელს ქართველი ფეხბურთელი არ სურდათ აზერბაიჯანის ჩემპიონატის კლუბებსაც კი", - ამბობს ხეჩიკაშვილი და დასძენს, რომ რეფორმები, რომელიც 2015 წლიდან დაიწყო გარკვეულ შედეგებს დებს.

„ვერავინ იოცნებებდა მაშინ, რომ SERIA A -ში (იტალიის ჩემპიონატში), ესპანეთში და სხვა ევროპულ გამორჩეულ ლიგებში ამდენი წარმატებული ფეხბურთელი გვეყოლებოდა“, - აღნიშნა ფონდის დამფუძნებელმა.

ბიზნესმენის თქმითვე, ფეხბურთში პატარა წარმატებით ტკბობას ვიწყებთ და არ მიდის მუშაობა იმაზე, როგორ გამოვიყენოთ უდიდესი შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს აქვს.

ინფორმაციისთვის,  ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა ფუნქციონირება 2016 წლის 1 მარტს დაიწყო, რომლის არსებობის მიზანი საქართველოში ფეხბურთის პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა, ფეხბურთში, როგორც სოციალურ აქტივობაში ჩართულობის დონის ამაღლება, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და კლუბების ფინანსური სტიმულირება, საბაზისო, საპრიზო/პრემიალური დაფინანსება გახლდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები