თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც სამშენებლო კომპანიები შენობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს დროებით ქირაობენ, ინსპექტირების გავლის შემდეგ კი მათ ხსნიან.
მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნული პრაქტიკა „თაღლითობად“ შეაფასა და შესაბამის სამსახურებს რეგულაციების გამკაცრება და საკითხის სისხლის სამართლის სიბრტყეში გადატანა დაავალა.
დედაქალაქის მერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლიდან კანონმდებლობა გამკაცრდა, უპასუხისმგებლო კომპანიები მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ მაინც აყენებენ.
„2017 წლიდან, რაც ხელისუფლებაში მოვედით, აქტიურად ვებრძვით უკანონო მშენებლობებს. გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო მაშინ და ახლა სულ სხვა სურათია, თუმცა კვლავაც გვაქვს გამოწვევები, რასაც ღირსეული პასუხი სჭირდება. მთელი ამ დროის განმავლობაში ვხვეწთ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და აღსრულების წესებს, ვითხოვთ სხვადასხვა კომპონენტის გათვალისწინებას. შევიმუშავეთ რეგულაციები და გავამკაცრეთ კანონები. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, მოქალაქეთა უსაფრთხო და კომფორტული ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც შენობა ექსპლუატაციაში შევა.
2017 წელს, სხვა ცვლილებებთან ერთად, ამოქმედდა შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები. ამოქმედების დღიდან, თბილისის არქიტექტურის სამსახური მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს სკურპულოზურად ამოწმებს წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობას უსაფრთხოების წესებთან, ადგენს ხარვეზებს, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების აქტიური სისტემების საჭიროების შესახებ და არ გასცემს ნებართვას იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ხარვეზები არ სწორდება“, - განაცხადა კალაძემ.
მან განმარტა, რომ მუნიციპალური ინსპექცია შენობას მხოლოდ მაშინ იღებს, როცა სისტემები გამართულია და შესაბამისი გამოცდის აქტებიც არსებობს, თუმცა პრობლემა ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ პერიოდს ეხება.
„ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, სახანძრო უსაფრთხოების სისტემა ატყობინებს შენობაში მყოფებს, დატოვონ შენობა, ასევე, ახდენს მის ლოკალიზებას და ხელს უშლის მის გავრცელებას, რაც მნიშვნელოვან დროს აძლევს სახანძრო-სამაშველო სამსახურს ცეცხლის ქრობისთვის. მიუხედავად ამისა, დაფიქსირდა სამწუხარო შემთხვევები, როდესაც შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ მოხდა აღნიშნული სისტემების დემონტაჟი. არიან უპასუხისმგებლო კომპანიები და მშენებლები, რომლებიც ე.წ. აგრეგატებსა და გამწოვ სისტემებს ხსნიან.
ექსპლუატაციაში მიღებისთვის ისინი ქირაობენ ამ სისტემას. მივა მუნიციპალური ინსპექცია, შეამოწმებს, რომ ყველაფერი მწყობრშია და კორპუსს მიიღებს ექსპლუატაციაში. შემდეგ მშენებლები ხსნიან ამ სისტემას და პატრონს უბრუნებენ, მოსახლეობა კი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. ჩვენთვის მსგავსი დამოკიდებულება წარმოუდგენელია და ამას არ გავატარებთ. უსაფრთხოების წესები ყველამ უნდა დაიცვას. ღმერთმა დაგვიფაროს და რამე რომ მოხდეს, ყველა თბილისის მერიას დაადანაშაულებს“, - აღნიშნა მერმა.
კახა კალაძემ ვიცე-მერსა და შესაბამის სამსახურებს დაავალა, სასწრაფოდ დაიწყონ უკვე მიღებული შენობების გადამოწმება და იმუშაონ კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრებაზე.
„მინდა, დავავალო ვიცე-მერს, რომ შესაბამის სამსახურებთან ერთად კატეგორიული ზომები მივიღოთ. თუ საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, პარლამენტი დაგვეხმარება. თუ საჭიროა, რომ ასეთი ქმედება სისხლის სამართლის დონეზე ავიყვანოთ, მაშინ მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება, რადგან პირადად ჩემთვის ადამიანის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. თუ იკვეთებიან კონკრეტული თაღლითური კომპანიები ან ფიზიკური პირები, ასეთ ადამიანებს სამშენებლო სექტორში არაფერი ესაქმებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.




























