"არ ვიცი, რატომ იწყება დღეს ამაზე ფიქრი, როცა ბევრ სხვა რამეზე გვაქვს საფიქრალი", - ამის შესახებ „ვინივერიას“ და „ჯანიანის“ თანადამფუძნებელმა გია პირადაშვილმა "ანალიტიკაში" სტუმრობისას ვენახების გაშენებაზე სანებართვო სისტემის შემოღებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ზოგადად ნებისმიერ რეგულაციას ეწინააღმდეგება, ვინაიდან ის ბიზნესისთვის შემაფერხებელია. "ჩვენ ზოგჯერ ასე გამოგვდის ხოლმე: საბავშვო ბაღში წასაყვან ბავშვს, პირდაპირ რომელიღაც ინსტიტუტის აუდიტორიაში ვსვამთ. ასე მოგვდის აქაც. აბსოლუტურად არანაირი წესი ჯერ არ არსებობს, მხოლოდ ჩარჩოა, რომელიც მიიღეს, მაგრამ რა წესებით იქნება შევსებული ეს ჩარჩო და რა უნდა ვიგულისხმოთ, ეს ჯერ არ ვიცით", - დასძინა მან.
საქმე ისაა, რომ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებით ვენახის გაშენებაზე თანხმობას 1-ელი მაისიდან ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. ეს ნიშნავს, რომ სააგენტო, რომელსაც აქამდე მხოლოდ მაკონტროლებლის ფუნქცია ჰქონდა, ახლა ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც იქნება. ახალი რეგულაციით, პირი, რომელიც შეთანხმების გარეშე, თვითნებურად გააშენებს ვენახს, იქიდან აღებულ ყურძენს ან ღვინოს ვეღარ გაყიდის. ცვლილებები უკვე გაშენებულ ვენახებს არ ეხებათ. რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ფერმერი, რომ ვენახის გაშენებაზე ნებართვა მიიღოს, ამას კანონპროექტი არ განსაზღვრავს. ვენახის გაშენებაზე ახალი წესები სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება. 1 მაისამდე დავით სონღულაშვილმა უნდა გამოსცეს ბრძანება, რომლითაც ფერმერისთვის ვენახის გაშენების კრიტერიუმები განისაზღვრება.
გია პირადაშვილმა "ანალიტიკაში" სტუმრობისას ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მევენახე ისედაც არ გააშენებს ვენახს ისე, რომ შესაბამისი ნიადაგი არ შეისწვალოს.
"ბიზნესი, მევენახეები, დღეს ისე არ გაფლანგავს თავის ფულს, სანამ არ შეისწავლის ადგილს, მიწის ქიმიურ შემადგენლობას. ამ ყველაფერს აკეთებს მაქსიმალურად კვალიფიციურ ლაბორატორიაში. არა საქართველოში, ვინაიდან აქ საბავშვო ბაღის დონეზე ვართ. იგივე სანერგეების შემთხვევაშიც, საქართველოში რამდენიმე სანერგეა, რომელიც ასე თუ ისე სტანდარტს იცავენ. თუმცა ისინიც ფრანგ გერმანულ და იტალიურ ნამყენებზე არიან დამოკიდებული, ჩვენ ნამყენი სწორედ ამ ქვეყნებიდან შემოგვაქვს და მათზე ვაშენებთ ვენახებს", - აღნიშნა პირადაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ თქვა, რომ მეტი აქცენტია გასაკეთებელი ხარისხთან მიმართებით. "ყველამ უნდა გავაცნობიეროთ საკუთარი პასუხისმგებლობა დარგის მომავლის წინაშე, ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის ვიზრუნოთ ვენახსა და მაღალი ხარისხის ყურძნის მოყვანაზე", - აღნიშნა მეხუზლამ.




























